Skip to content

უმიზეზო მიმართვა ხალხს

10 February, 2011

არ მეგონა თუ აქ ასე მალე მოვბრუნდებოდი რამეთუ სათქმელი არაფერი მქონდა ამ ბოლო ხნის განმვალობაში. არც ახლა მაქვს თუმცა უმიზეზოდ ხალხისთვის რაღცის თქმა მომინდა და ახლა სწორედ ამ რაღაცას ვიტყვი. ალბათ. სასვენი ნიშნების წერა აღარ მინდა. მძიმეები ამძიმებს ნაწერს.

მგონია ყველაფერი უკვე ითქვა და ნათქვამია და თუნცად ითქმება ოდესმე სადმე ვინმეს მიერ დასამატებელი არაფერი მაქვს. არ მომწონს როდესაც ასეთი გაჯერებულია სათქმელი სივრცე.

ტავტოლოგიაში გავიჭედე.

როდესაც თბილისი დაემსგავსა ლონდონს

23 September, 2010

გაფრთხილება 'იქიდან'

გუშინ თუ გუშინ წინ ლექციებიდან მიღლილი ძალიან მძიმე ჩანთით შინ ვბრუნდებოდი. სახლში მისვლა ფეხით ვამჯობინე, რამეთუ ავტობუსმა გამასწრო და შემდეგის დალოდებას ისევ იმ უბედურ კიბეზე აფოფხვა მერჩივნა. ჯერ კიბემდე არ მიმეღწია, რომ ერთი რეკლამა გამახსენდა. თქვენც გემახსოვრებათ, ალბათ და თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, თბილისის ქუჩებში ერთ დროს გამოკრული დიდი ‘ბილბორდები’ ნაგვის სანაგვე ყუთში ჩაგდებაზე მოუწოდებდა მოსახლეობას და სანაცვლოდ ქალაქის ლონდონს, პარიზსა თუ ბერლინს დამსგავსებას ჰპირდებოდა. მაშინ, მახსოვს, ვიფიქრე, ასი წელი ლონდონს ვერ დავემსგავსებით-მეთქი, მაგრამ მალე შევნიშნე, რომ ქუჩაში დაყრილი ნაგვის რაოდენობამ იკლო. ხალხმა გამოფხიზლება დაიწყო, ყველას მოუნდა უკეთეს, უნაგვო გარემოში ცხოვრება, სუფთად, წყნარად, კარგად, სპეტაკად. იმედი მომეცა.

თუმცა, განა ცხოვრება რამეთი დატკბობას გაცდის?! გუშინ თუ გუშინწინდელ დღეს ჩაკვდა ტკბობა ჩემი. კიბემდე არ ვიყავი მისული, რომ დავინახე, მოპირდაპირე ტროტუარიდან გოგონა გადმოდიოდა. როდესაც გზა გადაკვეთა, ნაყინი, რომელიც ხელში ეჭირა, შეფუთვიდან ამოიღო და ეს შეფუთვა მშვიდად, წარბშეუტოკებლად ძირს დააგდო. არადა დიდი რკინის სანაგვეები რომ არის, ზუსტად ისეთი ორი ნაბიჯის დაშორებით იდგა.

- უკაცრავად, გოგონი, მგონი ნაგავი, დაგივარდათ, – ვუთხარი მე.
– რა ბრძანეთ? – გოგონამ გაკვირვებით შემხედა.
– ნაგავი დაგივარდათ-მეთქი, – კიდევ ერთხელ გავუმეორე და თვალებით ნაყინის ასფალტზე დაგდებულ შეფუთვაზე მივუთითე.
– მერე?
– აიღეთ, არ გინდათ? თქვენია, – გავუღიმე მე.

მერე როგორ გაგრძელდებოდა ისტორია არ ვიცი, რადგან ეს დიალოგი მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში მოხდა. თუმცა, დასასრულს მნიშვნელობა არც აქვს. ფაქტი ისაა, რომ თბილისი ლონდნოს იქამდე ვერ დაემსგავსება, სანამ ლონდონში ყველა ლონდონელი ნაგვის ძირს დაყრას არ დაიწყებს!!!

იზენგარდი დაიდო

3 July, 2010

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დუტუ რუსთაველზე არხეინად მიგორავდა თავისი ”ნოლ შვიდით”. დაღლილი და დაქანცული იგი სახლისაკენ მიემართებოდა, როდესაც ტროტუარზე ორი ჰობიტი შენიშნა. ერთობ დაინტერესებულმა დუტუმ მანქანა ოპერის ჩასახვევთან მიაყენა და ფანჯრიდან თავი გადაყო. ”საით მიბრძანდებით, ბატონებო”, გასძახა მან ჰობიტებს. მას ერთი ჰობიტი მიუახლოვდა და რქუა: ”შორი გზიდ მორდორს მივდიოდით, მაგრამ ვგონებთ, არასწორ გზასა ვადგავართ. ხომ ვერ მიგვასწავლიდით, კეთილო ბატონო, საით ძევს მორდორი?” დუტუ შეიშმუშნა, მან არ იცოდა სად იყო მორდორი. ცოტა ყოყმანის მერე კი მიუგო: ”შვილებო, მორდორი ჩრდილოეთით უნდა იყოს; აგერ, შუა გმირთა მოედანზე იზენგარდი აღმართეს წეღან და სანამ ორკები გამოუშვიათ მზიურის გასაჩეხად, გირჩევთ იჩქაროთ, თორემ ხომ იცით, მერე ესტაკადა გზას განტვირთავს და მორდორს შეგიძლიათ დაემშვიდობოთ!” ჰობიტებმა დუტუს მადლობა გადაუხადეს და გადასასვლელში ჩავიდნენ.

-ხალხური ზღაპარი

იმ დღეს 57-ით სახლში ვბრუნდებოდი. ის იყო გმირთა მოედანზე გამოვედით, რომ თვალებს ვერ დავუჯერე. გმირთა მოედანზე იზენგარდი დაიდო! აი, ზუსტად ისეთი, ”ბეჭდების მბრძანებლის” ფილმში რომ არის! თან გარემოც როგორ ზუსტად შეურჩევიათ: გარშემო სიმრგვალე, მუშები მზისაგან გაშავებულნი მტვრიან სტაფილოსფერ კომბინიზონებში ორკებსა ჰგავდნენ, იქვე გაჩეხილი მზიურიც და განწირული ზოოპარკიც ბანს აძლევდა საიზენგარდო გარემოს.

ინდუსტრიული ელემენტებით, თაკარა მზეზე მანქანების ღრიანცელში გახვეული იზენგარდი ამაყად იდო გმირთა მოედანზე. ერთადერთი სარუმანი აკლდა იქაურობას, თუმცა ჯერ გვიანი არ არის. მაგის ჩამოტანაც შეიძლება იტალიიდან. მოკლედ, ამ ტურისტების მოსაზიდად რას აღარ შვრებიან-მეთქი, გავიფიქრე.

მეორე დღეს ისევ ჩავუარე ქართულ იზენგარდს და ამჯერად კიდევ უფრო დავრწმუნდი მის იზენგარდობაში. მესამე დღეს იგი ღამით ვიხილე. გაოგნებული დავრჩი, თუ რაოდენ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მელნისფერ და ყვითელ ნათურებს. ეს ბუმბერაზი შენობა ცირკის მიშენებას უფრო ჰგავდა ვიდრე ტოლკიენის მიერ აღწერილ ორთანკს. მეოთხე დღეს ვეღაც შუა ხნის კაცი მზიურის მიმართულებით გაჰყვიროდა, ორკები გამოუშვით, ფარჩაკებოო.

მეხუთე დღეს მითხრეს რომ ეს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი ყოფილა. კი შემრცხვა, მაგრამ რა ვიცი, ჩემთვის მაინც იზენგარდია.

ფრთხილად, ვუვუზელა!

25 June, 2010

თქვენც გასემოდათ, არა, გუშინ? გერმანია რომ განას ეთამაშებოდა, წაიღეს ტვინი ამ ვუვუზელათი! აქამდეც ერთი ამბავი იყო ფეხბურთის მატჩებზე, ღრიანცელი, ბღავილი, წვილი, კივილი, მაგრამ ამ ჩემპიონატმა ვუვუზელითურთ ყოველივეს გადააჭარბა!

გაიტანეთ ვუვუზელა! გადაარჩინეთ ერთი ყური მაინც!

(აააააააააა, ძაან მაგარი! სწორია (იმ კაცის ხმით, ადრე ტელევიზორში ქართული ენის შეცდომებს რომ აცხადებდა) – ”ბიჭო, შენ შიგ ხომ არ გაქვს?”, სწორია – ”ბიჭო, შენ ვუვუზელა ხომ არ გაქვს?”. ან კიდევ ეს –  ”ვუვუზელა გამიზრდია უბეში”. ჰო, ეს ლირიკული თუ ლირიული გადახვევა. განვაგრძობ თხრობას)

თუმცა, მეორე გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ერთი ვუვუზელა რომ მაჩუქონ, უარს არ ვიტყოდი. ავავუვუზელებდი აივნიდან ერთი კარგად. იფ! არა, არა, კარგია ვუვუზელა მაინც. ეგრეა, გაქვს ვუვუზელა, მაშასადამე გიყვარს ვუვუზელა, არ გაქვს ვუვუზელა? მაშინ საზღვარი აქვს ყველაფერს!!!

არადა, ეს ყურთამმუსვრელი საკრავი თავის ისტორიას ასე უწყინრად იწყებდა: პირველი ვუვუზელა მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და იგი ისაია შემბემ სამხრეთ აფრიკაში შეიტანა (საწყალი აფრიკელები). ისაია შემბეს ეკლესიის დამაარსებელი იყო, სადაც ვუვუზელა, აფრიკულ დასარტყამებთან ერთად, რელიგიურ მიზნებს ემსახურებოდა და ხალხი ღმერთებს მისი აზუზუნებით მიაგებდა პატივს. ბევრს ეს ციური საკრავი ზულუს ტომის საყვირის  სახესხვაობა ჰგონია, რომელიც მეზობელ სოფლებთან საკონტაქტოდ გამოიყენებოდა, თუმცა ეს სრული დეზინფორმაციაა. ზუსტად ამასვე წაიკითხავთ თქვენ ვიკიპედიასა შინა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ვუვუზელა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკომუნიკაციო საყვირი.

ვუვუზელა ჩასაბერ ინსტრუმენტთა ყველაზე აუტანელი, გამაყრუებელი და ამავე დროს სახალისო საკრავია. აბა, ვუვუზელა რომ არა, რაზე ილაპარაკებდა ამდენი ხალხი დღეს??!

თან სახელიც როგორი აქვს: ვუვუ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ელა! უკვე გაყრუებს!!

არაფრის არსებობის დილემა

30 May, 2010

გენიალურის შექმნის მცდელობა დამთავრებული კრახით, The Limits of Control (2009)

ახლა ვხვდები, რომ პროფესიის არჩევაში დიდი შეცდომა დავუშვი. მეტაფიზიკოსი უნდა გამოვსულიყავი! ჰოჲ, მავანნო მეტაფიზიკისანო, რა ღენიალური ტვინი დაჰკარგეთ თქვენ ჩემი სახით!

ჰოდა, გუშინ საღამოს უსაქმურობის ჟამს ”ნეიშენალ ჯეოგრაფიკს” რომ ვუყურებდი, არაფრის შესახებ დავიწყე ფიქრი (გთხოვთ აღნიშნოთ, რომ წინ უსაქმურობის ჟამი დავწერე). რა ფერია არაფერი? ვაფშე არაფერი რომ არ არსებობდეს, რა ფერი იქნებოდა ეს არაფერი? უმეტესობა გიპასუხებთ სამიდან ერთ-ერთს: შავი, თეთრი, რუხი. სამივე პასუხი მცდარია. თუ დავფიქრდებით, არაფერი თავის თავში გამორიცხავს რაიმე ფერის არსებობას (არც ფერია და არც ერბო კვერცხი). შესაბამისად, მას ვერც ვერაფრის ფერი ექნება. გთხოვთ აღნიშნოთ, რომ შავი არის სიბნელის ფერი და სიბნელე არ ნიშნავს არაფერს. არაფერში არც სიბნელეა და არც სინათლე. აქედან გამომდინარე, თუ არაფერი არაფერის ფერია, ე.ი. იგი არის გამჭვირვალე!!!

მაგრამ აი, მთელი ოხრობაც აქ არის ჩამალული. რაიმე გამჭვირვალე რომ იყოს, იგი უნდა წარმოადგენდეს რაღაცას, ეს კი უკვე აღარ ნიშნავს არაფრის არსებობას. გამოდის, რაღაც მაინც არსებობს თუ იგი გამჭვირვალეა! შესაბამისად, არაფერი არაფრის ფერი არ არის და ასეთი ფერის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რადგანაც იგი არ არსებობს.

მეტსაც გეტყვით, არაფრის არსებობაც შეუძლებელია. არაფრის არარსებობის ნაცვლად, ასევე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი არსებობს ანუ [არაფერი არ არსებობს]=[არაფერი არსებობს]. მაგრამ არსებობისთვის აუცილებელია, რომ არსებადი საგანი ისევ რაღაცას წარმოადგენდეს. არსებადი საგანი არაფერი ვერ იქნება, რადგანაც არაფერში არაფერი არ არსებობს.

აქედან გამომდინარეობს ბრძნული დასკვნა, რომ არაფრის არსებობა შეუძლებელია და რამეთუ, მისი არსებობა არის შეუძლებელი, არაფრის ფერიც არ იარსებებს.

აჩვენეთ ეს თეორია მეტაფიზიკოსებს და იქნებ ნობელის პრემიას გამოვკრა ხელი.

თუ ვერაფერი გაიგეთ, გილოცავთ, თქვენ არ გემუქრებათ ”nerd-ობა” და ნობელის პრემია.

მერფის კანონები

27 May, 2010

ადამიანები რომ განსაკუთრებული იუმორის გრძნობით ვართ დაჯილდოვებულნი, ამას რათ უნდა ბჭობა და ბაასი.  აი, დაისტურად, არგენტინაში საკუთარ ძმაზე დაქორწინება არალეგალურია. ჩინეთში აკრძალულია სახლის სარდაფში 1 ტონაზე მეტი ფეიერვერკის შენახვა (ზამთრის მარაგია, ალბათ). და თუ თქვენ შვეიცარიაში, თანაც კორპუსში ცხოვრობთ, საღამოს 10 საათის მერე ტუალეტის ჩარეცხვა შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ!

მოკლედ, ამ ჩანაწერში კანონებზე რომ დავწერ, მიხვდით ალბათ. უფრო ზუსტად კი მერფის კანონებზე.

მერფის კანონები წარმოადგენს სამყაროს ნეგატიურ-სატირიკულ ხედვას, როდესაც ჭიქა ნახევრად ცარიელია და არა ნახევრად სავსე; როდესაც სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან; როდესაც გვირაბის ბოლოს სინათლე დენის ფულის გადაუხდელობის გამო ქრება; და როდესაც სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიცოცხლე უნაძრახოჲ.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათი ავტორი ვინმე მერფია, მინდა გაგახაროთ, რომ ცდებით! ამ კანონების ჭეშმარიტი ავტორი რანდომიზირებული, თქვენნაირი და ჩემნაირი, ჩვეულებრივი ადამიანნი არიან.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. მერფის პირველი კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ედვარდსის საჰაერო ძალების ჩრდილოეთ ბაზაზე 1949 წელს დაიბადა. კანონებს კაპიტან ედვარდ ა. მერფის პატივსაცემად ეწოდა. მერფი იმ დროისთვის პროექტზე მუშაობდა, რომლის მიზანი იყო გამოეკვლია თუ რამხელა ზეწოლის ატანა შეუძლია დიდ სიჩქარეზე მყოფ ადამიანს სიჩქარის უეცრად დაგდების დროს.

ერთ დღეს, როდესაც მერფიმ აღმოაჩინა რომ მიმღები არასწორად იყო შეერთებული ქსელში, დასწყევლა რა ამაზე პასუხისმგებელი ტექნიკოსი და დასძინა: ”რამის არასწორად გაკეთება რომ არ შეიძლებოდეს, ის მაინც იპოვნის ასეთ გზას”.

პროექტის კონტრაქტორის მენეჯერს ჩამოწერილი ჰქონდა ”კანონების” სია, სადაც მან ეს გამონათქვამიც მიაწერა და მერფის კანონებმაც სწორედ აქედან დაიდეს სათავე. მერე პრესა, მედია, რამე და დღეს მე ამ კანონებზე ვწერ.

ამ კანონთა ძალა ყველას ჩვენ თავებზე გამოგვიცდია. აი, თუნდაც ეს კანონი: პროექტის პირველ 90%-ს დროის 90% სჭრიდება. ბოლო 10%-ს კი მეორე 90%. თითქმის ყველა პროექტისთვის, რომელიც გამიკეთებია, მერფის ეს კანონი სრული ჭეშმარიტებაა.

ან ეს: თუ გაგვიანდება, ავტობუსიც აუცილებლად დაიგვიანებს. მახსოვს ერთხელ იაპონურზე მაგვიანდებოდა. ლექციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გავედი. ავტობუსმაც ნახევარი საათით დააგვიანა, გზაში საცობი დამხვდა და შედეგად, ლექციაზე 40 წუთით გვიან მივედი.

ესეც: როდესაც ბევრი საქმე არ გაქვს, ამ დროს ყველა კოლეგა [მეგობარი] დაკავებულია. ვფიქრობ, ამას მაგალითი არ სჭირდება.

მერფის კანონების დაძლევა დედამიწის გრავიტაციის ძალაზე გამარჯვების ტოლფასია. თუ ამ კანონს გვერდს აუვლით, კოსმოსის დაუსრულებელი სივცრეები გადაიშლება თქვენს წინ ვითარცა კოსმონავტისა წინა. წინ, კანონთმრღვეველნო და კანონების რისხვა ქართველებო!! მარტო წითელზე გასავლა საკმარისი აღარაა!

მერფის კანონები იხილეთ აქ: http://www.murphys-laws.com/

ტრიმფალური დაბრუნების შემდეგი ჩანაწერი ანუ როგორ შევქმნათ საიდუმლო იარაღი

26 May, 2010

ჯარისკაცთა ახალი საიდუმლო იარაღი: გიგანტური ციცა

ჩემი ტრიუმფალური დაბრუნების (შემდგომში ტრიუმფალ. დაბრ.) მერე პირველად ვწერ ბლოღსა ზედა. ჰო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრიუმფალ. დაბრ. თითქმის ერთი თვის წინ შედგა, ჩანაწერმა ცოტა დაიგვიანა.

აქ გასწავლით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ნამდვილი საიდუმლო იარაღი. ამ გეგმის შემუშავებისთვის არაერთი გენიალური ტვინი მუშაობდა და ჩემამდე ძალიან სანდო წყაროებიდან მოაღწია. მოკლედ, იმისათვის, რომ საიდუმლო იარაღის შექმნას აზრი ჰქონდეს, პირველ რიგში უნდა გყავდეთ მტერი*. უფალმა დაგიფაროთ და თუ მტერი გყავთ, ეს გეგმაც სწორედ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი.

ამ გეგმის, როგორც ამერიკელები ამბობენ, დიდი თითის წესი დაიმახსოვრეთ და გონივრულად გამოიყენეთ: არ უთხრა მეგობარს ის, რაც არ გინდა იცოდეს მტერმა.

მაშ, როგორ უნდა შევქმნათ საიდუმლო იარაღი?!

1. გამოიგონეთ ისეთი იარაღი, როგორიც არცერთ თქვენს მოწინააღმდეგეს არ აქვს და რომელსაც დიდი ზიანის მიყენებაც შეუძლია.

2. გაასაიდუმლოეთ მისი გამოგონების, შექმნის, ადგილმდებარეობის და არსებობის ნიშანწყალი. ვითომ, ასეთი იარაღი არც გაქვთ.

3. დარწმუნდით, რომ თქვენმა მტერმა ამ საიდუმლო იარაღის შესახებ იცის.

ამ სამი, უმარტივესი ნაბიჯის დანერგვით, თქვენ მსოფლიო დომინირებას მოიპოვებთ. გმადლობთ ყურადღებისთვის.

*შენიშვნა: ეს გეგმა გამოგადგებათ იმპერიის შექმნისთვისაც.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.