Skip to content

მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა

6 August, 2013

მამილო

მანანას ბიჭმა იკეადან შვედური ოჯახი გამოიწერა. ჩამოვიდა ერთი ქერა ბიჭი და ორიც შავთმიანი გოგო. ხოლო რადგანაც მანანას ბიჭი სწორედ ბედნიერი მეათასე გამომწერი აღმოჩნდა, შვედურ ოჯახს სუვენირად თან მოჰყვა  შვედური მამა გუსი.

შვედური მამა იმ შვედთა რიცხვს მიეკუთვებოდა, რომელთაც თავად შვედებიც კი შვედებად მოიხსენიებდნენ. “რომელ გუსზე ამბობ, ჰა?” იკითხავდა ერთი შვედი საუბრისას. “აი, იმაზე, შვედი რომაა!” მიუგებდა მეორე და ამით უკვე ნათელი იყო, თუ რომელი გუსი იგულისხმებოდა. შვედური მამა შვედურად დადიოდა, შვედურად მიირთმევდა, შვედურად სვამდა წყალს და საერთოდაც, შვედურად ცხოვრობდა. მას გარშემო ყოველთვის ერტყა შვედური ატმოსფერო, რომელიც ყველგან თან დასდევდა, სადაც არ უნდა წასულიყო. შვედური გულუბრყვილობაც მისი განუყრელი თანამგზავრი გახლდათ. ერთხელ შვედური მამა ორ რუსს შეხვდა, რომლებმაც ხუმრობით უთხრეს, ბებიასთან ორი მხიარული გუსი ცხოვრობდაო, ერთი თეთრი, другой белый, два весёлых Гуса. და შვედურ მამასაც სჯეროდა თეთრი და რუხი გუსის ამბის.

ერთხელ შვედური მამა უცნაურ სუფრაზე მოხვდა. მართხკუთხედ მაგიდაზე საჭმელი არ იდო. არც სასმელი. ფარდები ჩამოფარებული იყო და გარშემო მხოლოდ საგულდაგულოდ დაწყობილი სანთლები ანათებდნენ სიბნელეს. ერთ მხარეს თერთმეტი მამაკაცი იჯდა, მათ შორის შვედური მამა; მეორე მხარეს კი თორმეტი ქალბატონი. მაგიდის თავში ერთი ცარიელი სკამი იდგა. ოთახი პატარა იყო, ხრუშჩოვკა. ქალებმა და მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს, რაღაც წარმოუდგენლად გრძელი არაშვედური სიტყვა წარმოთქვეს და უეცრად ოთახი იმდენად გაიზარდა, რომ კედლებისა და ჭერის დანახვა შეუძლებელი იყო. ოთახის ერთ-ერთ ბოლოში შვედურმა მამამ დიდ შავ კარს მოჰკრა თვალი, რომელიც ნელა გაიღო და იქიდან წარმოსადეგი ჭარმაგი მამაკაცი გამოვიდა. იგი თავში მდგომ სკამზე დაჯდა, გარშემომყოფთ თავი დაუკრა და იკითხა, “რატომ გვეწვია შვედური მამა ჩვენ სტუმრად?” მის გვერდით მჯდომმა ქალბატონმა უმალ მიუგო, “შვეუდრი მამა აქ თავისი ნებით მოვიდა.” ჭარმაგმა მამაკაცმა შვედურ მამას გახედა. შვედურმა მამამ, იმის ნიშნად რომ ქალბატონის ნათქვამს სრულიად ეთანხმებოდა, თავი დააქნია. “მაშ, რადგანაც თქვენი ნებით მოსულხართ, მითხარით რა გსურთ იცოდეთ?” დასძინა ჭარმაგმა კაცმა. შვედურმა მამამაც არ დააყოვნა და იკითხა “რა მოხდება, თუ ხვალ სეტყვა მოვა?” “თუ მოვა სეტყვა, დახვდება ქვა,” იყო პასუხი.

შვედური მამა დიდხანს არ დარჩენილა შვედეთს მოწყვეტილი და მალევე დაბრუნდა უკან, თავის შვედურ ქვეყანაში. ყველაფერი ძველებურად, შვედურად მიდიოდა. ერთხელაც, მოვიდა სეტყვა და როგორც შვედურ მამას ჭარმაგმა მამაკაცმა უთხრა, მას დახვდა ქვა.

ბოლოსიტყვაობა: მათთვის, ვისაც აინტერესებს, საიდან დაიბადა ამ აბსურდული ისტორიის იდეა. წინა შაბათს უძილობამ შემაწუხა. რა არ ვცადე, ცხვრები ვითვალე, სპაიდერმენები ვითვალე, ასამდე დავთვალე, ნელა და ბოლოს ეს ისტორია მოვიგონე, რომლიც მოგონებისას საბოლოოდ ჩამეძინა იმ ადგილას, როდესაც ჭარმაგი კაცი მაგიდას მიუჯდა. ისტორიის გაგრძელების რეკონსტრუქცია თავადვე, უკვე ფხიზელ გონებაზე მოვახდინე. გმადლობთ, რომ ყურადღება დამითმეთ და არა, ის 5 წუთი, რომელიც ამის კითხვაზე დახარჯეთ უკან არ დაგიბრუნდებათ.

ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ

22 April, 2013
მიაუ

მიაუ

თითქმის ყველა ადამიანს ახასიათებს ცნობისმოყვარეობა, განსაკუთრებით კი სხვისი ცხოვრებისა თუ ყოფის მიმართ. თუმცა, ეს ცნობისმოყვარეობა როდია მოძმე ინდივიდებისადმი გულისტკივილით გამოწვეული! სხვათა ცხოვრება არის ერთგვარი საზომი, რომელსაც შეგიძლია საკუთარი ცხოვრება დაატოლო და ამით ან სიამტკბილობაში ჩავარდე ანაც შურისაგან დაიოთხო. ეს არის უეჭველი საზომი იმისა, თუ რამდენად წარმატებული ხარ ცხოვრებაში. როდესაც შეგიძლია თამამად გაიფიქრო, მე გვაზავების ოჯახზე უკეთ ვცხოვრობო, ჩნდება თუნდაც მცირედი თვითკმაყოფილების გრძნობა, სიამაყე, აღმატებულობის შეგრძნება, რაც ასე ძალიან ეფონება ჩვენს ფრიად პატივსაცემ ეგოს გულზე. მაგრამ ამავდროულად, მან კარგად იცის, რომ არის ასეთი ხმიადაშვილების ოჯახი, რომელიც უფრო უკეთ ცხოვრობს და გაისად მათი უნცროსი შვილიც კაი-კაი შავ-შავ პრადოს მოაჯდება. ასე და ამგვარად, ეგო არასდროს არ არის ბოლომდე კმაყოფილი. მას მუდამ უფრო მეტი სურს. ხშირს შემთხვევაში სწორედ ამ სხვაზე უკეთ ყოფნის სურვილს  პროგრესისკენ  მიჰყავს კაცობრიობა (მეორე გზა პროგრესისკენ გადის სიზარმაცეზე, რაზეც ალბათ, ოდესმე რომელიმე ჩანაწერში ვისაუბრებ).

როგორც ერთ-ერთი ცნობილი ეკონომისტი წერდა, საზოგადოების ეკონომიკური და მატერიალური წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალაც სწორედ ეგოიზმია: გქონდეს მეტი, შეგეძლოს მეტი და იცხოვრო უკეთესად. სწორედ საკუთარი კარგად ყოფნის სურვილი გვაიძულებს ვისურვოთ ჩვენი მეზობლის კარგად ყოფნაც, რომელიც ჩვენ მიერ მოყვანილ კარტოფილს სარფიან ფასად იძენს. თუ მეზობელს გაუჭირდა და კარტოფილი ცოტა რაოდენობით ან საერთოდაც არ შეიძინა, მოგვიწევს გამორჩენის მიზნით მეორე სოფელში წასვლა და იქ კარტოფილის უფრო იაფად გაყიდვა, რადგანაც მას საკუთარი კარტოფილის მომმარაგებელი უკვე ჰყავს. ცხადია, სიტყვა კარტოფილი შეიძლება თავისუფლად ჩავანაცვლოთ სიტყვით “იარაღი”. თუმცა, ამჟამად მხოლოდ მატერიალურ კარგად ყოფნაზე ვსაუბრობ და არა სულიერ სიმშვიდეზე, ძენზე, მშვიდობასა და პაციფიზმზე.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, საქართველო უპირველესი ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიკურადაც და კარგი ცხოვრებითაც, რადგანაც საქართველოს მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე უფრო მეტი ეგოიზმი მოდის, ვიდრე დავუშვათ, შეერთბულ შტატებში ან საფრანგეთში ან თუნდაც ბუტანში. თუმცა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სამივე ეს ქვეყანა (ბუტანზე არ ვარ დარწმუნებული) გაცილებით წინ არის ვიდრე პატარა, როგორც მას სიბრალულითა და სიყვარულით მოიხსენიებენ –  ბედკრული, ქვეყანა. მაშ, რაშია საქმე?  რა მაიმუნობა და ლობიოს ჭამაა ეს ყოველივე?!

ეგოიზმი და შური, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანთა რასის ერთ-ერთი წინ მამოძრავებელი ძალები გახლავთ. დომინანტობის სურვილი და ალფა მამრად (და რადგანაც გენდ. თანასწორობა მოდაშია, მდედრად) ყოფნა აიძულებს ხალხს საკუთარი თავი და/ან ყოფა გაიუმჯობესონ და სრულჰყონ, რათა აჯობონ სხვებს. თუმცაღა, ამ თვისებების მოძალებული რაოდენობით ქონა შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს.

საქართველოში საქმე როდი გვაქვს შურისა და მომხვეჭელობის გარგანტუანულ (ან გარგანტუულ, არ ვიცი ზუსტად როგორაა, მაგრამ მინდა, განათლებული გამოვჩნდე, რამეთუ ამგვარ მაღალფარდოვნულ სიტყვებს ვიყენებ) ზომებთან. არა, ესაა ეგოიზმის სახეცვლილი, დამახიჯებული ფორმა, რომელსაც ვუწოდებდი რეგრესულ ეგოიზმს. იმისათვი, რათა თქვენც ნათლად დაინახოთ განსხვავება კლაიკურსა და რეგრესულ ეგოიზმს შორის, მოვიყვან მარტივი ქართულით დაწერილ ორ აგრეთვე მარტივ მაგალითს.

კლასიკური ეგოიზმი: გიორგის აქვს დიდი სახლი. მაკას აქვს პატარა სახლი. მაკამ ნახა გიორგის სახლი. მაკას შეშურდა გიორგის სახლის. მაკას უნდა გიორგისნაირი ან უფრო დიდი სახლი. მაკა იწყებს მუშაობას და ფულის შენახვას.

რეგრესული ეგოიზმი: გიორგის აქვს დიდი სახლი. მაკას აქვს პატარა სახლი. მაკამ ნახა გიორგის სახლი. მაკას შეშურდა გიორგის სახლის. მაკას უნდა გიორგის ქონდეს მისნაირი ან უფრო პატარა სახლი. მაკა იწყებს გიორგიზე ცუდი ჭორაობის გავრცელებას.

თავადე მიხვდებოდით, როდესაც კლასიკური ეგოიზმი გიბიძგებს იცხოვრო სხვაზე უკეთ, რეგრესული ეგოიზმისას გიჩნდება სურვილი სხვამ იცხოვროს შენზე უარესად. ცხადია, ეს მხოლოდ საქართველოში როდი ხდება. თუმცა, რადგანაც ამ ქვეყანაში ამგვარ დამახინჯებულ ეგოიზმს მოუკიდებია ფეხი, სწორედ ეს უზრუნველყოფს უკუსვლას და ხელს უშლის წინსვლას. არ არის ძნელი მივხვდეთ, თუ სად იღებს იგი სათავეს და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი.

მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირისა და შემგომ, 90-იანების დროს ის ადამიანები ცხოვრობდნენ კარგად და მდიდრულად, რომლებიც არალეგალური გზებით მოიპოვებდნენ ფულს: ქრთამი, შავი ბაზარი, ფინანსური მაქინაციები, პარტიის საჯდომზე ამბორი და ა.შ. არ არის გამორიცხული, რომ ამგვარი სახელმწიფოებრივი აჯაფსანდალი გახდა მრავალრიცხოვან პატიოსან ადამიანთა პაწაწინა გულებში ბუნებრივი (ვიტყოდი ინსტინქტურიც კი) პროტესტის გრძნობის დასაბამი: როგორ თუ, იმას უნდა ქონდეს და მე არა?! ხოლო რადგანაც ამ პაწაწინა გულების მქონდე ადამიანებს თავიანთი პატიოსენება ხელს უშლიდა თავი გაეყოთ ფულის მოპოვების არალეგალურ ყულფში და ამ ერთადერთი არსებული გზით მიეღწიათ სასურველისთვის, ასე და ამგვარად იშვა გონებასა შინა რეგრესული ეგოიზმი: თუ მე არ შემიძლია მქოდეს, დაე, ნურც სხვას ექნება!

ახალ მილენიუმში რეგრესული ეგოიზმის ერთ-ერთ გავრცელებულ (თუმცა გარშემომყოფებისთვის უწყინარ) გამოვლიდებად რჩება ქართველ ახალგაზრდობათა და შუახნის ასაკის ხალხთა სევდიანი ამოძახილი: “მე რომ XXX დავბადებულიყავი (სადაც XXX-ის მაგიერ ძირითადად გვხვდება ან რომელიმე ქვეყნის დასახელება ან დროის განსაზღვრება), აუხ, ახლა სად ვიქნებოდი?!”. როდესაც საკუთარ უბედურებას იმას უკავშირებ,  რისი შეცვლაც არც ადრე და არც ახლა შეგიძლია, დღემუდამ ამაზე ფიქრობ, ამგვარი აზრებიც სტაგნაციისკენ და საბოლოოდ, რეგრესისკენ მიათრევს მსხვერპლს.

ჰო, მეც რომ აინშტაინად დავბადებულიყავი, უეჭველად მოვიგონებდი ფარდობითობის თეორიას! მაგრამ არც აინშტაინი ვარ და ფარდობითობის თეორიაც უკვე დაკავებულია. ასე, რომ ისღა დამრჩენია, ახალი თეორია მოვიფიქრო და ამ გზით ჩავაცემენტო ჩემი სახელი ისტორიის კედელზე. წინსვლა და განვითარება, აი, საითკენ უნდა იყურონ ადამიანებმა. მიუხედავად ამისა, ამგვარ თეორიულ შესაძლებლობებზე ფიქრი ყოველთვის იქნება  ადამიანთა სუსტი წერტილი, ისევე როგორც ცნობისმოყვარეობა. აგრეთვე,  ყოველთვის იარსებებს ვიღაც, ვინც უკეთ ცხოვრობს, რადგანაც გვგონია, რომ ყველა უფრო ბედნიერია, ვიდრე ჩვენ. ასევე ყოველთვის დაგვწყდება გული, იმაზე, სადაც არ ვყოფილვართ და არც არასდოს ვიქნებით, რადგანაც გვგონია, რომ ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ.

ისინი, სხვები და უცხონი

6 March, 2013

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, ერთხელაც, ქუჩაში გასულს თავს განსაცვიფრებელი აზრი მომივიდა. იგი სამყაროს აგებულებასა და წყობას შეეხებოდა, უბრალო თეორიული სავარჯიშო. სახლში დაბრუნებისთანავე ამ იდეაზე ერთსაათიანი საფუძვლიანი ფიქრის შემდგომ სამყაროს ჩემეული მოდელი იშვა, რომელიც მსურს თქვენ, პრივილეგირებულ მკითხველთ, გაგიზიაროთ.

ვიდრე თავად სამყაროს აღწერილობას შემოგთავაზებდეთ, მსურს გაგიზიაროთ, თუ რის ტალავერზე აშენდა ეს კონცეფცია. სიყრმიდგანვე ადამიანთა დაკვირვება ჩემი არსის განუყრელი ნაწილი გახლდათ (როგორც სხვა ყველა კოსმიური ჯვაროსნისა). ინფორმაციის ბლომად მოგროვების შემდგომ, ნათელი გახდა, რომ გარშემომყოფნთა დაყოფა მათი პიროვნული მახასიათებლების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად შეიძლებოდა. სწორედ ამ დროს დასაბამი დაედო ახალ ფილოსოფიურ საფიქრალს ჩემს გონებაში. არც თუ ისე დიდი ხნის შემდგომ, შეიქმნა სამი კატეგორია, რომელთაც ქვემოთ განვიხილავ.

ისინი

ისინი

ისინი – რამდენიმეწლიანი დაკვირვებების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ზოგი ადამიანი ძალიან გავს ერთმანეთს. ეს არ იყო მხოლოდ გარეგნული მსგავსება. როგორც გეომეტრიაში გვხვდება სამკუთხედების მსგავსება, სწორედ ასეთივე მსგავსება იყო გარკვეულ პიროვნებებს შორისაც.  მათ მსგავსი ხასიათი ქონდათ, მსგავსი მორალი და შეხედულებები, გარეგნულადაც შეიძლება ყოფილიყვნენ ერთმანეთს მსგავსი, მაგრამ არა აუცილებლად; ყველანი სრულფასოვნად აზროვნებდნენ და ფუნქციონირებდნენ, თუმცა მათ პიროვნებას თითქოს “რაღაც აკლდა”.  ამ ხალხის ზუსტ აღწერას მანა ვერ ვახერხებდი, სანამ ერთხელაც ანაზდად ყველაფერი ნათელი გახდა.

იდეის მართებულად გადმოსაცემად უპრიანი იქნებოდა ვიდეო თამაშების ანალოგიის გამოყენება. ამგვარ თამაშებში სიმარტივისა და სხვა საჭირბოროტო მიზნების გამო არამთავარი პერსონაჟები ერთი პრინციპის მიხედვით არიან აგებულნი. მათ აქვთ მსგავსი გარეგნობა, მსგავსი დიალოგი და თამაშის სამყაროს ნებისმიერ ადგილას მათ არასოდეს აურევთ მთავარ პერსონაჟებში. ამ ე.წ. “მასოვკა” პერსონაჟების არსი მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრება და სამყაროს პოპულაციის, როგორც ასეთის, შექმნაა.

სწორედ ის ხალხი, ვინც ამგვარ პერსონაჟებს მივამსგავსე, მოხვდა ამ კატეგორიაში. ისინი არ არიან ადამიანები, მაგრამ მათ გონიათ, რომ არიან ადამიანები. სწორედ ამიტომ გვანან ისინი ერთმანეთს და სწორედ ამიტომ აკლიათ მათ უნიკალურობა, რაც აქვთ შემდეგ კატეგორიაში მყოფ ხალხს.

სხვები – გარშმომყოფთა ის ნაწილი, რომელთაც პიროვნული უნიკალურობა გააჩნდათ, ამ კატეგორიაში მოხვდნენ. ვიდე თამაშები ანალოგია რომ გამოვიყენოთ, იგივიე მთავარი გმირები. ისინი მივიჩნიე, როგორც ნამდვილი ადამიანები, რომელთაც წინასწარ გაწერილი “სკრიპტი” არ გააჩნიათ. ისინი თავისუფლად ვითარდებიან, აზროვნებენ, მათ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ, ისინი ქმნიან და წარმოადგენენ კაცობრიობის პროგრესის დასაბამს.

უცხონი – თითქოს ზემოთხსენებული კატეგორიებში ყველა უნდა ჩატეულიყო, მაგრამ ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ არსებობდნენ ინდივიდები, რომლებიც ზედა ორ აღწერილობაში ვერ ჯდებოდნენ. ამ ტიპის ხალხი თითქმის არ შემხვედრია, რადგანაც ძალიან იშვიათად იყვნენ ჩემს გარემოში წარმოდგენილნი. უცხონი ძალიან გავდნენ ადამიანებს, თუმცა, უფრო კარგი დაკვირვების შედეგად, შესაძლებელი იყო მათ შორის ფუნდამენტური განსხვავების დანახვა. უცხონი ადამიანებივით იქცეოდნენ, მათ შორის თავს თავისუფლად გრძნობდნენ, მიუხედავად ამისა, ადამიანებთან გაიგივებული არ იყვნენ. თუ ადამიანებს წარმოვიდგენთ, როგორც ერთი რაიმე რადიო ტალღით ერთმანეთთან დაკავშირებულებს, ერთიანი საკომუნიკაციო სისტემით, უცხოები ამ ტალღასთან პირდაპირ კავშირში არ არიან, მაგრამ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაერთონ.

ვგონებ, ამ ერთი ჩანაწერისთვის საკმარისი ინფორმაციაა მოცემული. ცხადია, ეს ყოველივე ძალიან ზედაპირული აღწერაა, რადგანაც ყველა დეტალის აქ ჩატევას ვერ მოვახერხებდი. თუმცა, იმედია, ოდესმე, არ დამეზარება და ყოველივეს უფრო დაწვრილებით ავხსნი რომელიმე სხვა ჩანაწერში. აგრეთვე, ვიმედოვნებ, რომ სამყაროს ჩემეული თეორიული მოდელის შესახებაც მალევე გამცნობთ. მსურს აღვნიშნო, რომ ამ კონკრეტული უსტარით საფუძველი ჩაეყარა ახალ კატეგორიას ამ ბლოღსა ზედა, “თეორიული შესაძლებლობები” (იგივე What if), სადაც თავს მოვუყრი კაცობრიობისთვის საჭირბოროტო ნააზრევსა და ნარკვევებს.

ბიუროკრატია და ტყემალი

18 December, 2012
ცათამბრჯენი

ცათამბრჯენი

იმ დღეს მზიანი ამინდი იყო. ეს იმიტომ მახსოვს, გარეთ რომ გავედი მზე ისე მიჭყიტინებდა თვალებში, წინ მომავალი მანქანა ვერ შევნიშნე და კინაღამ დავეჯახე, უფრო სწორად, დამეჯახა. შემქმნელს მადლი, ორივენი გადავრჩით, მაგრამ ეს არ არის ამ ამბის მთავარი საკვანძო მომენტი.

დედამიწაზედ განმწესების დღიდან ვიცოდი, რომ ბიუროკრატიამ დაუძინებელი მტერი შეიძინა ჩემი სახით. კორპორატიული სამყაროში მოღვაწეობის წამოწყებისა და კანტორაში მუშაობის დაწყების შემდგომ, მას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებოდი, რაც, რა თქმა უნდა, სევდას მგვრიდა. ამიტომაც ყოველნაირად ვცდილობდი, ბიუროკრატიის საფუძვლებისთვის წყალი შემეყენებინა, დამენაღმა, ბზარი გამეჩინა და ა.შ. რას ვიფიქრებდი, თუ ეს ტიალი დიდ განსაცდელსა და ხიფათს მიმზადებდა.

როგორც უწინ აღვნიშნე, იმ დღეს მზიანი ამინდი იყო. სამუშაო საათები იწურებოდა და კანტორაში სრული სიმშვიდე სუფევდა. მთელი დღე თავაუწეველი შრომის შემდგომ ცხელ ჩაის მივირთმევდი და ფანჯრის მიღმა ცის სილაჟვარდით ვტკბებოდი. ამ დროს მოხდა ის, რაც დღის ბოლოს ყველაზე მეტად არ უყვართ კანტორის მუშაკებს: კორპორატიულ ფოსტაზე წერილი მოვიდა. სახლში წაბრძანებამდე რჩებოდა ცხრა წუთი. მსწრაფლ მორალური დილემის წინაშე აღმოვჩნდი: დღეს წავიკითხო თუ ხვალ? წერილის სათაური ღაღადებდა: “Fwd: Fwd: Fwd: Re: Fwd: !!!!”. კონკრეტული სათაურის ადგილას განუზომელი რაოდენობით ძახილის ნიშნების მჭიდრო კონცენტრაცია კარგს არაფერს მოასწავებდა, ისევე როგორც მის წინ მდგომ აბრევიატურათა სიუხვე. როგორც, ხალხური სიბრძნე ღაღადებს, რაც შეიძლება გააკეთო ხვალ, გააეკთე ხვალო, არც თუ ისე ბევრი ფიქრის შემდეგ წერილის დილამდე ხელუხლებლად დატოვება განვიზრახე. ამ დროს ოთახის კარი გაიღო და აქოშინებული უფროსი შემოიჭრა, წერილი ნახე, სანამ წახვალო და გავიდა. რა გაეწყობოდა, თავს ზევით ძალა არ მქონდა.

გავხსენი რა წერილი აღმოვაჩინე, მისი საწყისი წყარო, უფროსთა-უფროსი თვით გენდირი (გენერალური დირექტორი) იყო. აღსანიშნავია, რომ წერილი თავდაპირველად გენდირს თავისი მარჯვენა ხელისა და მახვილისთვის (მოადგილე) 2 (ორი) თვის წინ მიუწერია სათაურით “3rd Quarter Plan”. გამოხდა ხანი, და მისმა მარჯვენა ხელმა და მახვილმა იგი ფინდირს (ფინანსური დირექტორი) გაუგზავნა, რომელმაც იგი თავის მხრივ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმწიფეს გადაულოცა. მცირე დროის გასვლის შემდგომ ეს წერილი რომელიღაც მენეჯერთან აღმოჩნდა საფოსტო ყუთში, რომელმაც Re: პასუხი გააკეთა, ამეებს მე ვერ დავწერ თუ სწორი მონაცემები არ მექნაო, რის შემდეგაც 5 (ხუთი) კალენდრული დღის გასვლის შემდეგ ეს უსტარი ჩემს უშუალო უფროსსა და აგრეთვე, დეპარტამენტის ხელმწიფეს, მიუვიდა და ჩემამდე მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოაღწია. გენდირის მიერ დაწესებული თავდაპირველი ვადა დღეს იწურებოდა.

იმ დღეს სახლში გვიან მივედი, მაგრამ ბოლომდე ყველაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. ამასთან, მარტო ჩემი გასაკეთებელი არც იყო და ჩემს გარეშე და ჩემთან ერთად არაერთმა მუშაკმა განათია ღამე. 10 დღის შემდეგ 3rd Quarter Plan გენდირის მაგიდაზე გაწკიპინებული იდო.

იმ თვეს ჩემი დეპარტამენტი კარგი და საფუძვლიანი მუშაობისთვის პრემიას უმიზნებდა. აჟიტირებულნი და გახარებულნი წინასწარ ვგეგმავდით, თუ სად და რაში დავხარჯავდით მომატებულ ფინანსებს, როგორ ვიჟრიამულებით და რა კარგ დროს გავატარებდით შაბათ-კვირას. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. თვის ბოლო რიცხვში ჩატარებულ საერთო ყრილობაზე, რომელზეც ჩვენი საზეიმო დაჯილდოვება უნდა მომხდარიყო, გენდირის მარჯვენა ხელმა და მახვილმა ტრაღიკულად გვამცნო, რომ მესამე კვარტლის გეგმის დაგვიანებისთვის ამ თვეში პრემიას ვერ მივიღებდით.

ოქტომბრის ანარქია

13 December, 2012
ანარხია ცხენებითურთ

ანარხია ცხენებითურთ

როდესაც 1 ოქტომბრის საღამოს 7 საათსა და 53 წუთზე ჩემი სახლისაკენ მიმავალ კიბეს დავადექი, ხოლო  ყურსასმენებში მშვიდი მუსიკა უდრტვინველად ღიღინებდა, ვიღაცის ღრიალი გავიგონე. ახალგაზრდა, ტანს ზემოთ შიშველი მამაკაცი აივანზე ხელებაწეული იდგა და მთელს ხმაზე გაჰკიოდა, გავიმარჯვეთო. კორპუსების ახლო-ახლო დგომის გამო წარმოქმნილმა ექომ რამდენჯერმე გაიმეორე მისი შეძახილი და ზუსტად 13 წამის გასვლის შემდეგ მოპირდაპირე კორპუსიდან წინსაფარშემოფარებული ქალი ბედნიერი ჭყივილით ფანჯარაში გამოიჭრა, ვაიმე, გვეშველა, მგონიო. მახსოვს, პირველად ვიფიქრე, ვიღაცამ, ალბათ, ლატარეაში მოიგო-მეთქი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, როგორ ვიდექი დილით ჩემი კორპუსის გვერდზე რომ კორპუსია და იმის წინ რომ საბავშვო ბაღია, აი, მაგ ბაღის ეზოში არჩევნების რიგში და მივხვდი, ამ კივილ-წივილში ქონება არაფერ შუაში იყო. სახლში მისულმა ტელევიზორი ჩავრთე, რათა აღმომეჩინა, თურმე ოცნებას, წინასწარი დათვლების თანახმად, ნაცები დაუმარცხებია. აი, რისთვის აუტეხავთ იმ ორს ამგვარი ალიაქოთი, ისინი დემოკრატიას ზეიმობდნენ.

გამოხდა ხანი, უფრო სწორად რამდენიმე საათი და გარეთ მანქანათა პიპინის ხმამ ტვინისწამღებად იმატა. ბოლოს ბრაზილია რომ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მაშინ იყო ეგეთი ამბავი, მაგრამ ეს მოპიპინენი არა ბრაზილიის, არამედ ოცნების გულშემატკივარნი იყვნენ და ასევე დემოკრატიას ზეიმობდნენ. ღამით ღრმა ძილიდან ჩემი მეზობელის ხავილმა გამომიყვანა, რომელიც, ალბათ, ნამთვრალევი, გაჰკიოდა კორპუსთა ექოსთან ერთად: “ხალხო, როგორც ბიძინა ამბობს, სიყვარულია მთავარი ამ ქვეყანაზე, ჩვენ სიყვარულით დავამარცხებთ ყველა ბოროტებას!”

მეორე დილით ჩვეულებისამებრ 7-ის ნახევარზე ავბრძანდი სასთუმალიდგან. როდესაც გარეთ გავდიოდი, გამახსენდა, რომ მარშრუტკებში აკრძალვის გამო ჯარიმის შიშით რადიოს სულ ხმადაბლაც კი აღარ რთავდნენ და გამიხარდა. ეს იყო ჩემთვის სამყაროს წესრიგის ამომავალი წერტილი, რამეთუ ჩემი გაფუჭებული ყურსასმენიდან მუსიკის მოსმენას (რომელშიც ხმა ფრიად სუსტად ისმოდა და ყოველი გარე ხმაური არათუ ხელის შემშლელი იყო, არამედ სრული მუსიკალური კაკოფონიის დასაბამს წარმოადგენდა) ზედმეტი მენტალური კონცენტრაციის გარეშე შევძლებდი. გაჩერებაზე ტრანსპორტზე სანადიროდ გამოსულმა ერთგული იარაღი, ქორისებრ მჭვრეტელი თვალი, მოვიმარჯვე და გზას შორს მივაპყრე. მცირეოდენი ლოდნის შემდეგ მსხვერპლიც გამოჩნდა, ნახევრად ცარიელი ყვითელი მარშრუტკა. რაც მთავარია, ფანჯარა რომ იღება იქ, სკამი ცარიელი იყო! დავჯექი რა, რაღაც შინაგანი არეულობა ვიგრძენი. თითქოს ცხოვრების საუნდტრეკის ფირფიტა საშინლად დაჩხაპნილა, სრული ქაოსი და ანარქია  დამდგარა. მოვიხსენი ყურსასმენი და გონებაში ციური სიმღერა ჩაიღვარა – მარშრუტკის რადიოში ნინო ჩხეიძე ხმამაღლა მღეროდა – იმიტომ რომ რადიოს აკრძალვა is for pussies.

ის რაც ვართ ან ოდესმე ვიქნებით

18 July, 2012

ხსოვნა და მეხსიერება

9 ივლისს მთელს ცხოვრებას თვალწინ არ ჩაუვლია, მაგრამ გამიჩნდა აზრი, ეს გამომეცადა. ცხადია, ყველაზე ნაკლებად ექსტრემალური ხერხებით.

შესამაბისად, ჩემს თავს ვკითხე, ახლა, ამ წამს რომ დავჯდე და ბოლო 20 წლის განმავლობაში დაგროვილი მთელი ცოდნა, ყოველი მოგონება, გაკეთებული საქმე, თითოეული განცდა თუ პიროვნება გავიხსენო, რამდენი დრო დამჭირდება? ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, დავასკვენი, რომ სავარაუდოდ, ყველაზე დიდი 2 წელში ანუ 24 თვეში ანუ 730 დღეში (თუ ჩავთვლით, რომ ნაკიანი წელიწადი არ  არის) ანუ 17 520 საათში ანუ 1 051 200 წუთში თავისუფლად ჩავეტეოდი, თუ სხვა ყოველდღიურ საქმიანობაზე დროს არ დავხარჯავდი.

გამოდის, ბოლო 20 წლიდან რაც დამრჩენია, არის რაღაც მიზერული 2 წელი – ჩემი არსებობის ესენცია, თვით-აღქმა, მეხსიერება, საფუძველი – მე წარმოვადგენ რა იმ 2 წელს და მხოლოდ იმ 2 წელს – მორჩა, იმ 2 წლის იქეთ აღარ ვარსებობ. არ ვიცი, ქვეცნობიერში რა ხდება, მაგრამ ჩემი ცნობიერება მოიცავს მხოლოდ 730 დღეს. მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი გავიაზრე, ერთობ და ეგზომ დავიგრუზე: თუ კიდევ 100 წელი დავყავი ამ პლანეტაზე, რასაც დავმახსოვრებ, მხოლოდ 10 წელი იქნება? და მაინც სად ტრაკში მიდის ამდენი დრო?

ალბათ, კარგია რომ ყველაფერი არც მახსვოს ამ 20 წლიდან. წარმომიდგენია, რამდენი ყოველდღიური კვერცხობა წაიშალა გონების წიაღებიდან. და მაინც, არ ვიცი, 20 წლიდან 2 წელი იმიტომ მრჩება, რომ დანარჩენი 18 წელი ყოველთვის ნაგავია, თუ უბრალოდ, არასწორად ვიყენებდი დროის ამ 18-წლიან რესურსს.

20 წელიწადში 240 თვე ან საშუალოდ, 7 305 დღეა, თუ ჩავთვლით, რომ ხუთი ნაკიანი წელიწადი დაემთხვევა. ხოლო, ყველა ეს დღე კი ჯამში 175 320 საათი ანუ 10 519 200 წუთია.

გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთები

10 July, 2012

ინფორმაციული ღვარცოფი

ერთ დღესაც მივხვდი, რომ ყველა გაცილებით მეტს მეუბნება, ვიდრე მინდა ან მჭირდება და საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჰომო-თქვენ-რა-იფიქრეთ-საპიენსთა კომუნიკაცია უბრალო ინფორმაციის გაცვლა კი არა, არამედ, ბრძოლაა, სადაც თითოეული მხარე ცდილობს საკუთარი უპირატესობა პირდაპირ თუ ირიბად წარმოაჩინოს. უპირატესობა შეიძლება გამოიხატოს როგორც დადებითად (”მე შენზე უკეთესი ვარ”), ასევე უარყოფითად (”მე შენზე ვარესი ვარ”) და ყველა შემთხვევაში ერთ მიზანს ემსახურება: აჩვენოს ავტორის პიროვნების კონკრეტული მხარე ან თვისება. აბა, განა სხვა რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს იმის თქმა, რომ გუშინ საღამოს საჯდომში-პერო-გასარჭობ ადგილზე რაღაც ოუ-მაი-გოდ-დაცემა კაფეში ბორშჩი ჭამე, ან დასასვენებლად მწვანე კონცხს კანები (აქ: კანი, კურორტი საფრანგეთში) სჯობს, როდესაც ამას არავინ გეკითხება. ჰოჲ, ამებავ. უფრო სწორად, ამაოებავ.

მოკლედ, ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც გადავწყვიტე ერთი ნაცნობისთვის მეკითხა, ნახა თუ არა ”ბეჭდების მბრძანებლის” ბოლო, ყველაზე ეპიკური ნაწილი. პასუხად კი რაღაც ინფორმაციული ღვარცოფი მივიღე.

კითხვა დავსვი: ”ნახე ბეჭდების მბრძანებლის ბოლო ეპიკური ნაწილი?”
მოსალოდნელ პასუხთა ალტერნატივა: ”კი” ან ”არა”
რეალური პასუხი: ”მე და სინდი ვიყავით მაგაზე წასული ბოსტონში კინოთეატრში და ძაან მაგარი იყო.”
დასკვნა: ”კი” (ასე თუ ისე გავიგე, რაც მაინტერესებდა; ოღონც, ცოტა გაუგებარია, რა იყო მაგარი: ფილმი თუ სინდისთან ერთად კინოში წასვლა)
ინფორმაციული ღვარცოფი: ნამყოფია ბოსტონში და ასევე ამ ქალაქის კინოთეატრში; იცნობს ვინმე სინდის, ვისთანაც ერთად წინარეხსენებულ ადგილას იყო წასული.

ნებსით თუ უნებლიედ ნაცნობმა იმდენი ინფორმაცია მომაყარა, რაც საერთოდ მისდღემჩი არ დამჭირდება. ამ დღის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდი, თუ რას მეუბნება ხალხი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ თითქმის ყველა ეგოისტი ტრაკია, რომელიც კონვერსაციის განმავლობაში სიტყვა ”მე”-სა და საკუთარი თავის კუნვნილებით სიტყვას თითქმის ყოველ წინადადებაში იყენებს. აფერუმ, რა ვუყო, რომ ბევრი სისულელე დღემდე მახსოვს (მაგ., რა ღირდა მარიამის შანელის ბოტები (რატომ, ღმერთო, რატომ?!!)), ხოლო ასე საჭირბოროტო ნიუტონის მესამე კანონი კი ხანდახან მაინც მაივწყდება ხოლმე.

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.