Skip to content

გათვლანი და სხვა სიკეთენი

22 April, 2009

მოკლედ, დიდი ხნის მერე კვლავ ვუბრუნდები ბლოგსა ჩემსა, რამეთუ ახალი რამეს დაწერა გადამიწყვეტია! ამ ძველქართულ მაღალფარდოვნებებს მოვეშვები და პირდაპირ საქმეზე გადავალ (ხომ გაგიგიათ, საქმე ლაპარაკის ნაცვლადაო. ანდაზაა ეგეთი, ნაციონალური სიბრძნე). ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ბავშვობა გავიხსენო და სწორედ ჩემი საკუთარი სიყმაწვილიდან მოვიხმო ისტორიები. ალბათ, ყველანი სწავლობდით (ან სწავლობთ) სკოლაში. ცუდია თუ კარგი, ყველას საკუთარი სკოლის მოგონებები გაგვაჩნია, რომელიც არასდროს დაგავავიწყდება. აი, სწორედ ამასწინათ, ქსეროქსზე რომ მივდიოდი, სკოლის ყველაზე ნორჩი წლები გამახსენდა; კერძოდ, სულ დასაწყისი კლასები, ის დრო, როდესაც 5-ოსანი კომუნისტი ბავშვი ვიყავი და რუსთავი-2-ზე გრენდაიზერის საყურებლად ადრე ვდგებოდი. უამრავი ისტორია გამახსენდა, რომლებზეც, მახსოვს, თავის დროზე ბევრი ვინერვიულე, ახლა კი სიცილად არ მეყო; ჩემი ძველი მეგობრები, ამხანაგები, კლასელები, მასწავლებლები და ა.შ…. მახსოვს, დაჭერობანას რომ ვთამაშობდით დერეფნებში და უფროს კლასელებს მოურიდებლად ვეტაკებოდით. აი, სწორედ ამ დაჭერობანებზე მინდა ვისაუბრო დღეს. კონკრეტულად კი ჩვენი გათვლის სისტემაზე.

ეს აუცილებელი რიტუალი იყო. ეს რიტუალი იყო ყველაზე წმინდა და აღმატებული, რადგან ყველას უნდოდა გაეთვალა, საბოლოოდ კი მხოლოდ ერთ ბედნიერს ხვდებოდა მისი ”ჩატარების” შესაძლებლობა. ყველაზე ხშირი გათვლა, რა თქმა უნდა, ესა-მესა-გადის-ესა იყო. ეს ყველამ იცოდა, ადვილიც იყო და სარგებლის მომტანიც. არ გვიყვარდა ყველა-გადის-შენს-მეტი, რადგან მოკლე იყო და გათვლის სიამოვნებასაც ერთი-ორად ამცირებდა.

ყველაზე გავრცელებული კი მაინც ტაი-ტაი გათვლა იყო. ტაი-ტაის არსი, ალბათ, ყველამ იცით, მაგრამ მაინც ავხსნი, ვინცობაა არ გაგიგიათ. ამ გათვლისთვის არ იყო საჭირო ”ჩურნისა” თუ ”პირველი ვითვლის” ძახილი. ერთი ბავშვი წევდა ერთ-ერთ ხელს OK-ს რომ ნიშნავს ახლა იმ ფორმით, ანუ მუჭა შეკუმშული და დიდი თითი ზემოთ აწეული. იწყებდა ”ტაი-ტაის” ძახილს. სხვა ბავშვები ამ დიდ თითზე ზემოდან თავის OK-ს ამატებდნენ და ასე იქმადე, სანამ ყველა მსურველი არ მოგროვდებოდა. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ ორი ბავშვი იწყებდა ტაი-ტაის. აქ უკვე შემოდიოდა წმინდა Authority War ანუ ავტორიტეტების ბრძოლა (ინგლისურად მაინც მაგრად ღჟერს და ამიტომ დავწერე). უმეტესობა იმასთან მიდიოდა, ვისაც უფრო დიდი ავტორიტეტი ჰქონდა კლასში. ნაკლები ავტორიტეტის მქონე ბავშვის ტაი-ტაიდან ხალხი საბოლოოდ იმ მეორესთან გადადიოდა და ეს ბავშვიც ან იქეთ უნდა გადასულიყო ან არ ეთამაშა. ტაი-ტაიში ხანდახან ორივე  ხელის მოკიდება იყო აუცილებელი, ხან კი ერთიც საკმარისი იყო. ყველა რომ მოვგროვდებოდით, იწყებოდა ათვლა. ტაი-ტაის დამწყები იწყებდა თანმიმდევრობით თითების თვლას და თითოეულ თითს არქმევდა სახელს: ”იჭერს” ან ”არ იჭერს” მონაცვლეობით. სულ ბოლოს ვის თითსაც დაერქმეოდა ”იჭერს”, სწორედ ის იჭერდა. სულელური გათვლა იყო, რადგან ყველა ნებისმიერ შემთხვევაში, ვისაც ბოლოს ეკიდა ხელი, ის იჭერდა. მერე შემოვიღეთ არა თითებით თვლა, არამედ ხელებით. ამ შემთხვევაში, შენი ხელი შეიძლება ბოლო ყოფილიყო, მაგრამ შენ არ დაგეჭირა (კენტობა-ლუწობის კანონია).

კიდევ ერთი ძალიან ცნობილი გათვლა იყო ვისაც-ღმერთი-სწამს. ეს იყო ზენიტი ყველა გათვლისა თუ გამოთვლის (ვისაც ღმერთი სწამს!!!!). ერთი ბავშვი ხელს ამრგვალებდა ისე, რომ შიგნით ხურდის ჩაგდება ყოფილიყო შესაძლებელი. დებდა შიგნის საკუთარ თითს და ყვიროდა: ”ვისაც ღმერთი სწამს!” თამაში რომც არ გნდომებოდა ღმერთის ხათრით მაინც გიწევდა თითის ჩადება: გწამს ეს ღმერთი და… მერე, ბოლოსკენ უკვე აღარც ვაქცევდით ამას ყურადღებას, მაგრამ დასაწყისში ტაი-ტაისა თუ სხვა გათვლას უხაზავდა. ყველა მსურველი რომ მოათავსებდა თითს იმ ერთ მუჭაში, დამწყები ითვლიდა სამამდე და მერე მუჭას ხურავდა. სამზე უკვე ყველას უნდა ამოეღო თითი. ვისიც შერჩებოდა დახურულ მუჭაში, ის იყო მგელი.

მესამე ზესაოცარი გათვლა კი იყო ვისაც-უნდა თამაში. ეს გათვლაც ზუსტად ვისაც-ღმერთი-სწამსის პრინციპით მოქმედებდა. განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, თუ რა სიტყვები უნდა გეთქვა. ამ გათვლის დროს ბავშვი ყვიროდა ”ვისაც უნდა თამაში, ხელი/თითი ჩაყოს ამაში” (ამაში!!!!). წარმოიდგინეთ, თითი უნდა ჩაყო ამაში!!! რაღაც არასასიამოვნო წარმოდგენას აღძრავს, არა? რა ”ამაში”?! დაკონკრეტდით, გეთაყვა, თუ შეიძლება! ბავშვებიც უყოყმანოდ ჰყოფდნენ ხელს ამაში და თამაშიც იწყებოდა.

8 Comments leave one →
  1. უსახელო permalink
    22 April, 2009 7:14 PM

    ერთი კარგი გათვლა ვიცოდი და ეხლა სანამ გავიხსენებ უნდა ვიტანჯო.🙂 როგორ იყოო… ბუქტარ ბუქტარ ბუქტარე… ინკლი მინკლი დამაცინკლი… აბელ ბაბელ კუმანე… მეტს ვეღარ ვიხსენებ.

    • 24 April, 2009 11:25 AM

      რაღაც ეგეთი მეც მახსოვს. ერთხელ მასწავლეს ბალღობაში, მაგრამ დამავიწყდა.

  2. 22 April, 2009 11:48 PM

    მე მგონი ასე იყო: ბუქტარ,ბუქტარ, ბუქტარ მე,აბელ, აბაბელ, კუმანე,ინიკლი, მინკლი, დამაციკლი, ექს, პექს, პული მუქსი, ნაუ…
    ასეთიც იყო: ნემსები და მახათები, პაპიროსის ქაღალდები,ნარმა, მიტკალი, რა გინდა მითხარი?

  3. daliela permalink
    23 April, 2009 1:51 AM

    ეკეტა მეკეტა? რაღაც საოცარი გათვლა იყო,გაჭედილების გათვლა. ციცერონ ისევ შენი თაყვანისმცემელი ვარ,ისევ შეძელი ჩემი ახარხარება პოსტის კითხვის ჟამს 😀

    • 24 April, 2009 11:26 AM

      ეგ გათვლა არ ვიცი. ერთი ის ვიცოდი ზღვაზე რომ იყო, წერილი ჩააგდეო თუ რაღაც მსგავსი.

  4. 23 April, 2009 11:51 AM

    კარგი იყო, ძალიან ბევრი ვიცინე! ‘ხელი ჩაყოს ამაში’ ჩვენც გვქონდა!

  5. 23 April, 2009 12:00 PM

    წამოვიდა ბავშვობის მოგონებები🙂 ის, ავტორიტეტების ომზე რომ გიწერია მართლა ეგრე იყო🙂

    ღმერთზე მომეწონა გათვლა კიდევ🙂

    • 24 April, 2009 11:27 AM

      ავტორიტეტების ომი უფროს კლასებშიც იყო თან ძალიან ძლიერი.

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: