გადაგიხადე-გადაგიხდის დილემა
თქვენც შეამჩნევდით, ალბათ, ძვირფასო მკითხველებო, ქართულ რეალობაში ფრიად ძლიერ იგრძნობა გადამიხადე-გადაგიხდის საკითხის სიმწვავე და საჭირბოროტობა, ვინაიდან და რადგანაც იგი ქართველთა და საქართველოში მცხოვრებ ხალხთა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გამოტყდით, რამდენჯერ გაგიკეთებიათ ავტობუსში ან მარშრუტკაში ე.წ. ”ნივიჟუ” (რუს. ვერ ვხედავ) კარგი ნაცნობ-ამახანაგისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ 40 თეთრის მეტი საფულეში არა რა გებადათ და გრცხვენოდათ, რომ ორივეს გადახდა არ შეგეძლოთ, ან უბრალოდ არ გინდოდათ, იმ ნაცნობ-ამახანაგს ეს უკვე მერამდენედ გადაეხადა თქვენთვის.
იმას არ ვამბობ, გადახდა ცუდია-მეთქი, თუმცა, ისევე როგორც ყველაფერში, აქაც ზომიერებაა საჭირო. როდესაც ადამიანი გეუბნებათ, ”ნემეცკი სჩოტით” (რუს. გერმანული ანგარიში) ვიხდითო, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა იხდის თავისას. ალბათ, თქვენს ცხოვრბაშიც ყოფილა ისეთი დრო და ჟამი, როდესაც გსურდათ თქვენი თქვენვე გადაგეხადათ, მაგრამ მოუსვენარმა და ონავარმა მეგობარმა არ დაგაცადათ და ორივესი თავად გადაიხადა. თქვენ თავს არც ისე ბედნიერად იგრძნობდით, შესაძლოა, ერთგვარად დამცირებულიც კი ყოფილიყავით, რადგან სხვის ხარჯზე ცხოვრება არც ისე ეთიკურია.
გოგოსთვის ბიჭის მიერ გადახდა კი ცალკე მსჯელობის საკითხია. ნამდვილად დასაფასებელია ის, რომ დღევანდელ ბიჭებს სურთ თავიანთ მეგობარ-ნაცნობ გოგოებს პატივი სცენ და გადაუხადონ. თუმცა, გადამეტებული ჯენტლმენობა არაჯენტლმენობაზე უფრო შემაწუხებელია. როდესაც გოგო ამბობს, ”ჩემსას მე გადავიხდი”, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს – თავისას იხდის თვითონ თავისი ფულით. არ არის საჭირო ძალით გადახდა, თავის გამოჩენა და პანიკაში ჩავარდნა. ცუდი არაფერია იმაში, თუ გოგო იხდის თავისას და ბიჭი – თავისას. თუმცა, თავად განსაჯეთ, გადახდა ჩვენს რეალობაში იმდენად გამჯდარი ფენომენია, რომ არგადახდა დიდ უზნეობდ და ანტისოციალურ საქციელადაც კი ითვლება. განსაკუთრებით გოგოსთვის არგადახდა.
აქვე, ავტობუსში გადახდის ფენომენსაც შევეხები, რომელიც მაინც ყველაზე კოლორიტული და საოცარია. სულ თავიდან დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, ორი ხანში შესული ნაცნობი მამაკაცი (ან ქალბატონები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) ხვდება ერთმანეთს ავტობუსში. აქ იწყება ჩვეულებისამებრ ხვევნა-კოცნა, ორივე კარგი ძველი მეგობრებივით ხვდებიან ერთმანეთს; იფიქრებ, ნამდვილად მეგობრები არიან, თუმცა სჯობს ნაადრევ დასკვნას არ ენდოთ. როდესაც ერთი ჰკითხავს მეორეს, რა ქნა შენმა გოგომ, იმშობიარაო, და მეორე მიუგებს, კი, ორი წლისაა უკვე ბავშვი და ნოდარი დაარქვესო, ასკვნი, ამ ორს ერთმანეთი ორ წელზე მეტია არ უნახავთ და არც ისე ახლო მეგობრები ყოფილან. მერე მიდის ჩვეულებრივი საუბარი სამსახურზე, ანზორის ბიჭზე და ა.შ… ამ ყველაფრის კულმინაცია კი მაშინ დგება, როდესაც საქმე მარშრუტკის ”ბილეთის აღებაზე” მიდგება. აქ ნამდვილი ბრძოლა იწყება. ვინც ფანჯრის მხარეს ზის, შანსი, რომ სწორედ მას გადაუხდიან, დიდი აქვს. სანამ მძღოლამდე მიაღწევენ, იქამდე გაწევ-გამოწევითა და ბევრი-ხურდები-მაქვს-მე-გადაგიხდის ძახილით გადიან სკამთაშორის დერეფანს. შემდგომ ბრძოლა მძღოლის სკამთან გრძელდება, სადაც, უმეტესად, ორივე ერთდროულად აწვდის მძღოლს ფულს და დაბნეული მძღოლი საჭირბოროტო თუ არა სამკვდროსასიცოცხლო არჩევანის წინაშე დგება: რომელი ხელიდან აიღოს მგზავრობის საფასური?
რაც არ უნდა იყოს, ქართველები მაინც საოცარი ხალხი ვართ. ერთმანეთის გადახდა კარგია (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფული არ გაქვს და გიხდიან), თუმცა, ხომ გაგიგიათ, Aurea Mediocritas, ანუ ოქროს შუალედიო. მოდით დავიცვათ ოქროს შუალედი. არავინ არ არის ვალდებული გადაუხადოს სხვას მხოლოდ იმიტომ, რომ იცნობს იმ ადამიანს. ერთმანეთისთვის გადახდის მაგიერ, სჯობს სხვა რამით ვცეთ ერთმანეთს პატივი, მაგალითად, არგადახდით, როდესაც გეუბნებიან, ჩემსას მე ვიხდიო.
ზომიერება ქართველების No.1 პრობლემაა უკვე უამრავი ათწლეულის განმავლობაში და ყველა სფეროში და ცხოვრებისეულ მომენტში ყოფს თავს. ჩვენ იმდენად რადიკალური ცვლილებები გვჭირდება, რომ მართლა მეეჭვება გვეშველება თუ არა რამე, ოდესმე.
როგორ დავისვენებდი ეგ რომ არ იყოს :))) დაპატიჟება მოგერიდება ვინმესი რაა..