დონერის პარტია და ვენდიგო ანუ პირველი კინო-მიმოხილვა
თანამედროვე ფილმებით ნაკლებად თუ ვრჩები აღფრთოვანებული. უმეტესად, იმას ვუყურებ, რაც ტელევიზორში გადის და სპეცეფექტებიანია; შესაბამისად, კინემატოგრაფიის შედევრებს ნაკლებად თუ ვიცნობ. სამაგიეროდ, თანამედროვე, თითქმის ყველა ჟანრის, უმეტესად სულელურ ფილმთა სოლიდური რაოდენობა მაქვს ნანახი და როდესაც რაიმე ახალ ფილმს ვუყურებ, ყოველთვის ვხვდები თუ როგორი დასასრული ექნება მას. ჩემი პროგნოზი 100-იდან 97 შემთხვევაში მართებული აღმოჩნდება ხოლმე. მარტო დასასრულის გამოცნობა როდია, ფილმის ერთხელ ნახვის მერე ყოველგვარი სურვილი მეკარგება, იგი მეორედ ვნახო. ისეთი ფილმების ჩამოსათვლელად, რომლებსაც მეორედ დიდი სიამოვნებით ვნახავდი, ერთი ხელის თითებიც კი მეყოფა.
ფილმი “Ravenous”-ი (ღორმუცელა ინგ.) სწორედ იმ ფილმების რიგში დგას, რომლის ბოლოც ასე თუ ისე გამოვიცანი, მაგრამ მაინც სიურპრიზებითა და საოცრებებით იყო აღსავსე. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ ფილმს არაჩვეულებრივი OST (Original Sound Track, ფილმის ორიგინალური მუსიკა ინგ.) აქვს. ვერ ვიტყვი, რომ OST ცალკე შეიძლება მოისმინო, თუმცა მუსიკა ამ ფილმში განწყობის შექმნაში უდიდეს როლს თამაშობს. საერთოდ, ვთვლი, რომ OST ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ LOST-ის OST-ც ერთი-ერთ ყველაზე საუკეთესო OST-დ მიმაჩნია.
“Ravenous”, ეს არის საშინელებათა ჟანრის თრილერი – შავი კომედია, მისტიკის ელემენტებით, საკმაოდ საინტერესოდ გაკეთებული, საინტერესო მსახიობებით და საინტერესო ისტორიით. არა, ჩვეულებრივ საშინელებათა ფილმებს არ ჰგავს. აქ ნამდვილი ისტორიაა აღებული. როგორც მე მივხვდი, ფილმს საფუძვლად უდევს ე.წ. დონერის პარტიის (Donner Party) ისტორია. არ გეტყვით, რაში მდგომარეობს ეს ისტორია, რადგან არც ისე საინტერესოა (თან მთელ ფილმს წინასწარ ხომ არ მოგიყვებით?!). ამასთან, დონერის ამბავი არა ჩვეულებრივი კუთხითაა დანახული, არამედ ინდოელების მითოლოგიის მხრიდან. კერძოდ, ვენდიგოს (იგივე ვინგიდო) მხრიდან. ვენდიგო ავი სულია, რომელსაც ადამიანებში ჩასახლება შეუძლია. არც იმას გეტყვით, ვინ არის ვენდიგო, რადგან ესეც ფილმის მთლიანად მოყოლა გამოვა. ვიცი რასაც ფიქრობთ უკვე ამ ფილმის შესახებ, მაგრამ გეტყვით, ეს ის ბანალური საშინელებათა ფილმი არაა, როგორებასც ახლა იღებენ. მეტსაც გეტყვით, ეს ფილმი არ ჰგავს არც ”ზარს”, ”თვალს”, ”წყევლას” თუ რაიმე მსგავს. ფილმის დასაწყისი ისეთია, თავიდან ისტორიული დრამა მეგონა. აქ არ არის სიყვარულის ისტორია; არც თავგანწირულობა ერთიმეორესათვის, აქ ყველა საკუთარი თავისთვისაა; არც ამერიკული ფსევდო მელოდრამა, რაც ასე პოპულარულია ამ ბოლო დროს; არც ზედმეტად ბანალური ისტორიას შეხვდებით; არც სპეცეფექტები დაატკბობს თქვენს თვალებს, თუმცა ფილმის ვიზუალური მხარე ერთობ ძლიერი და კარგია; რაც მთავარია, აქ არ არის Happy End, რაც შეიძლება თავიდან იფიქროთ და არის ბევრი სისხლი! მოულოდნელობებიც ბევრია. რაც მთავარია მე კმაყოფილი დავრჩი და ამ ფილმს კიდევ ერთხელ ვნახავ.
ორი სიტყვით მსახიობების შესახებაც გეტყვით. რაც ძალიან მომეწონა, ამ ფილმში არ არიან ზედმეტად ცნობილი მსახიობები (საერთოდ თუ არიან ცნობილები). ფილმიც უფრო მეტ რეალურობას იძენს სწორედ ამის გამო. კარგად თამაშობენ კიდეც თითოეული და ჯამში, კარგია.
მოკლედ, თუ დაგაინტერესათ, აი, ბმულიც. თუმცა, ორიგინალში ნახვა სჯობს თუ ინგლისური საკმარისად კარგად იცით. ზედმეტად ცნობისმოყვარეებო, ჯერ ფილმი ნახეთ და შემდეგ მოიძიეთ ინფორმაცია დონერის პარტიისა და ვენდიგოს შესახებ, თორემ ფილმი უინტერესო იქნება. მოკლედ, თუ ფილმის ყურება გადაწყვიტეთ, გირჩევთ ღამე ნახოთ და თანაც მარტომ, ყოველგვარი მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების გარეშე. სასურველია, სიბნელეც იყოს. ჰო, და თუ ადვილად ჰკარგავთ ”აპეტიტს”, მე თქვენს ადგილას ფილმის ყურებისას საჭმელს არ შევჭამდი. პოპკორნი, მიწის თხილი და კოკა-კოლა დასაშვებია.
მაინც, რომ იცოდეთ, 16 წლამდე პირთათვის ფილმის ყურება არ არის რეკომენდირებული.
უჰჰ ეს რა ფილმი ვნახე აქ. ქართულ თარგმანში “კაციჭამია” ეწოდება, უფრო სწორედ ქართველებმა თარგმნეს ასე. თორემ Ravenous კაციჭამიას ნამდვილად არ ნიშნავს.
ჟუტკი ფილმია. კარგი ატმოსფეროთი და გაი პირსის შესანიშნავი თამაშით. ეს კაცი საკმაოდ ცნობილი მსახიობია. ისე ჩემი ნიკი მისი ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია 😀
ხო, თარგმანი მართლაც ეგზომ საოცარია!!! 😛
არ მეგონა შენი ნიკი კინოდან თუ იყო აღებული. მეგონა ისე შეარჩიე.
ნახე ეს ფილმი, ვგონებ უნდა მოგეწონოს http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=HINMH
ძალიან კარგი ფილმია, მთავარ პერსონაჟზე დიდად არ ვგიჟდები, ბრალოდ მომწონს სახელი და გვარი : )
მოვიხილავ!