Skip to content

საავტობუსე ისტორია

26 February, 2010

ყვითელი ავტობუსის პროტოტიპი

მიწაზე, რაც თავი მახსოვს, თითქმის სულ მუდამ საკუთარი ფეხებით გადავაადგილდები. არ აქვს მნიშვნელობა სად მივდივარ, ბარში, მთაში, მე მივდივარ იქ ფეხით. მაგრამ სადაც ფეხით ვერ მივალ, იქ მივდივარ რა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელსაც ჩვენ, ადამიანები, ავტობუსს ვუხმობთ (აქ ერთი ძველი ხუმრობა გამახსენდა: სამი ყველაზე ცნობილი რომაული სახელი რომელია, თუ იცით? მაქსიმუსი, პომპეუსი და ავტობუსიო. ჰა-ჰა. თუ არ გაგეცინათ, არაუშავს – ჩემი ჰიუმორი იერუსალემის მოსალოცადაა წასული, ფეხით). ჰოდა, სად გავჩერდი? ჰო, ავტობუსით მგზავრობა ჩემი ჰობია-მეთქი. არა, მართლა ჰობი კი არაა, უბრალოდ, ავტობუსით მგზავრობა, როგორც ჰობი, არაამქვეყნიური შეთავსებაა.

მახსოვს, როგორ ვიმგზავრე პირველად მარტომ ყვითელი პაზიკით და მძღოლმა ხურდაში 5 თეთრით მომატყუა. იმ დროს 5 თეთრი დიდი ფული იყო – 45 თეთრს დაამატებდი და ერთი ”პაჩკა” ემემდემსი მოგდიოდა.

ამას წინათ, გაჩერებები გააკეთეს ჩემს ქუჩაზე. ამას წინათ რა, ერთი წლის წინ. გაჩერების ცნება ჩვენთან უცხო იყო და ავტობუსიც იქ აჩერებდა, სადაც სთხოვდი. ხალხიც მიჩვეული იყო და მძღოლმაც იცოდა სად გაეჩერებინა, როდესაც რომელიმე ქალბატონს მაღაზიის მერე პატარა კიბის შემდეგ უფრო პატარა კიბესთან ჩამოსვლა სურდა.

თუმცა, მუხთალი წუთესოფელი რამეს დაგაცდის?! ეს იდილიაც მალე მოიშალა. დააყენეს გაჩერების აღმნიშვნელი ტრაფარეტები და მორჩა-გათავდა კაი ცხოვრება. ერთ-ერთი ასეთი ნიშანი ჩემი გაერებისკენ მიმავალ ვიწრო აღმართზეც აღმართეს (როგორ ჟღერს?!).

აღმართია – ზემოდან რომ გადმოხედო, დაღმართი გეგონება. ვიწროა და ერთობ გრძელი, ერთი მხრიდან მუდამ მანქანები აყენია, მეორე მხრიდან გარაჟებია და რომელი გარაჟის კარი რა დროს გაიღება, ღმერთმა უწყის. ორი მანქანა სიგანეში ძლივს, ფეხის მიშველებით, ეტევა, საცალბორბალო (!) გზაა და აქ უნდა გაჩერდეს ავტობუსი? ცხადია, ხალხმა ეს დისკომფორტი მალე შენიშნა და ატყდა ერთი ვიშ-ვიში. ერთი თვე გაჩერებების დაყენების თემა ერთობ გავრცელებული იყო ავტობუსებში. ყველას უკვირდა, რომელმა სულელმა გააკეთა აქ ეს წყეული გაჩერება და ვის რა ჯანდაბაში უნდა იგი თუ მანქანებმა ვეღარ გაიარეს?! მეც ერთობ შეშფოთებული ვიყავი ამ ამბით, როგორც ადგილობრივი მკვიდრი.

ერთხელაც, სახლში ავტობუსით რომ ვბრუნდებოდი, ამ ავბედით გაჩერებასთან მიახლოებისას ისევ ატყდა ხალხში აჟიოტაჟი. ერთი შუახნის მამაკაცმა და ხანში შესულმა ქალბატონმა გაჩერების ავ-კარგიანობის განხილვა ძალიან ხმამაღლა და ინტელიგენტური ტონით დაიწყეს. კაცი აღშფოთებას ვერ მალავდა და გაოცებას იყო, რომელმა უბედურმა დადგა ის. ქალიც იმავე აზრზე იყო და ორივენი ერთად ცდილობდნენ მისტიური გაჩერების აზრის ამოცნობას. ცოტა სიჩუმის მერე, რაც წინ ან გენიალური ან სულელური აზრის დაბადებას ახლავს ხოლმე, კაცმა ბრძანა, იმ კორპუსში, რომლის წინაც ეს გაჩერებაა, უეჭველად პარლამენტარი ცხოვრობსო და სწორედ მისი დაკვეთით გაკეთდა ეს უმსგავსობა აქო.

და ამ დროს წარმოვიდგინე (აქ: შტრაუსის რამე მხიარული ვალსის ფონი ირთვება) როგორ მგზავრობენ პარლამენტარები საქართველოში ყვითელი პაზიკებით ხალხთან ერთად, როგორი ბედნიერია ყველა, ქუჩაში ყოველ დაფურთხებულ ადგილას ყვავილები ამოსულა, მზე კაშკაშებს, ციგნის ბავშვებს დაუბანიათ, აღარავის აცვია შავი (არმანის) ზედა, ხეები გამწვანებულან, მაღაზიის გამყიდვლებს წითელი ლოყები აქვთ, დეიდა ზოიას სალობიე ისევ გაიხსნა, მეოთხედ და  ჩიტები გალობენ ყველა შესახვევში.

11 Comments leave one →
  1. gijmaj permalink
    26 February, 2010 10:40 PM

    ავტობუსი მაგარი რამეა.😀 ზიხარ შენთვის, გვერდით კი ისეთი რაღაც ხდება, მთელ პოემას დაგაწერინებს😀 ავტობუსის ისტორიები ზოგჯერ ტრაგიკულია, ზოგჯერ სასაცილო, ზოგჯერ დამაფიქრებელი😀 ერთი ჟმთააღმწერელი არ ეყოფა რომ ყველაფერი აღრიცხოს და შთამომავლობას შემოუნახოს😀

  2. 27 February, 2010 12:21 AM

    ცრემლი მომადგა მე პირადად პოსტის ფინალზე 🙄

  3. daliela permalink
    1 March, 2010 1:10 PM

    შავი ზედა….😀😀😀

  4. 1 March, 2010 3:59 PM

    საქალაქო ტრანსპორტის რენტაბელურობის გაზრდისა და თანხების ამოღების გაუმჯობესების მიზნით ნორვეგიის ქალაქ Kaupang-ის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება Topless კონდუქტორების ინსტიტუტის შემოღების შესახებ.
    ექსპერიმენტი 1 მაისს დაიწყება და 3 თვის განმავლობაში ქალაქის 6 საავტობუსე და სატრამვაე ხაზზე იმოქმედებს.
    კონდუქტორთა შერჩევა 15 მარტს დაიწყება და 10 აპრილს დასრულდება. ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონდუქტორები უნდა იყვნენ სრულწლოვანი, არანაკლებ 175 სმ სიმაღლის, მომხიბლვალი და კომუნიკაბელური გოგონები.

  5. 2 March, 2010 5:37 PM

    აუF მომეწონა ძალიან… ოღონდ ავტობუსი და დეიდა ზოიას სალობიე არა პოსტი…

    კარგად წერ..🙂🙂🙂

    ბოლო რა საყვარელი იყოო……

    • 3 March, 2010 2:49 PM

      მადლობა. ისე, ის დეიდა ზოიას სალობიე ისევ რომ გახსნან, კარგი იქნება…

  6. 6 June, 2010 7:45 PM

    ავტობუსი ძალიან მაგარია ექსკურსიისატვისაც:):)

  7. 24 June, 2010 11:01 AM

    lamis vitire:(

  8. 30 June, 2010 2:40 PM

    ბოლო მაგარი იყო, მართლა წარმოვიდგინე😀😀😀 მუსიკა მაგრა მოუხდა
    კარგი პოსტია

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: