Skip to content

ფასების მათემათიკა [1 + 1 = 2.3]

5 August, 2011

მიხვდებოდით ალბათ, რომ ამ ლეგენდარულ ბლოღს კვლავ დავუბრუნდი. მაშ, სად ვიყავი მთელი ეს დრო? არ დაგიმალავთ და მოგახსენებთ, რომ თითოეული წუთი, წამი და წამის მეთასედი აქ (მიწაზე) ვიმყოფებოდი. თუმცა, ერთი სიტყვაც კი არ დამიდია თვალთა სალბუნად, რამეთუ სათქმელი არაფერი მქონდა. ახლა კი, როდესაც ჩემი გონება კვლავ სავსეა წვეტიანი აზრებითა და ენაწყლიანობის კოეფიციენტი ერთი ორად იმატებს (ბევრ წყალს ვსვამ ეტყობა), დადგა დრო, რათა ბლოღი ავაღორძინო.

მოკლედ, საკმაოდ დიდი შესავალი იყო და ამიტომ მეტს აღარ ვიბორიალებ და პირდაპირ სათქმელზე გადავალ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მომშივდა. ჰო, ყველა გემრიელი ისტორია სწორედ ასე იწყება, თუმცა, ჩემი ისტორ… დაკვირვება სიდებილის მანიფესტაცია უფროა, ვიდრე მადისაღმძვრელი ამბავი. როგორც აღვნიშნე, მომშივდა, ამიტომაც გადავწყვიტე “პოპულში” ჩავსულიყავი და რაიმე ნოყიერი შემეძინა. “პოპულში” საჭმელად როდი დავდივარ, მაგრამ ამჯერად ტკბილეულის, კერძოდ, პეჩენიის მოსანადირებლად მივდიოდი. შევაბიჯე თუ არა უმალ ვიგრძენი სიგრილე, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ჯანსაღ კონდიციონერს. პეჩენიაც მშვიდად შევარჩიე და სალაროსკენ გავეშურე. უეცრად, ჩემი თვალები M&M’s-ის შეფუთვამ მოხიბლა და მეც ცოტა ხნით შევყოვნდი; ერთი საშუალო M&M’s-იც ხომ არ შევიძინო, გავიფიქრე. წავავლე ხელი ამ ციური შოკოლადის 100 გრამიან შეფუთვას და დავიძარი სალაროსკენ.

მმმმ

და უეცრად, უდიდესი ეჭვი დამებადა, რომ ერთობ ძლიერ ვგოიმდებოდი. ნაბიჯი ჰაერში გამიშეშდა. კვლავ მივუახლოვდი M&M’s-ით გამოტენილ დახლს და პატარა M&M’s-ს ფასს მივარჭე მზერა. შემდეგ ჩემი M&M’s-ის ფასი შევამოწმე, კვლავ პატარას ფასი, ახლა ისევ ჩემის ფასი, პატარას ფასი, ჩემის ფასი, პატარას წონა, ჩემის წონა, პატარა 50 გრამს იწონის, ჩემი 100 გრამს იწონის, პატარა 0,99 ლარი ღირს, ჩემი 2 ლარი და 30 თეთრი, 2 ლარი და 30 თეთრი… 30 თეთრი… თეთრი… ბოლო სიტყვამ ექოსავით გაიჟღერა გონებაში.

ანუ გამოდის, თუ ორ პატარა M&M’s-ს ვიყიდი, რომელთაგანაც თითო 50 გრამს იწონის და 0,99 ლარი ღირს, მომიწევს 1 ლარი და 98 თეთრი გადავიხადო, თუმცა, თუ M&M’s-ის ერთიან, 100 გრამიან შეფუთვას შევიძენ მაშინ 2 ლარისა და 30 თეთრის დანებება იქნება საჭირო?!

ჯანდაბას 2 თეთრი, მაგრამ 30 თეთრი ვისთანაა?

ცხადია, ნატრული შოკოლადი თავის ადგილას დავდე და მხოლოდ პეჩენიას დავჯერდი. თუმცა, ის ფაქტი, რომ M&M’s ასე უსინდისოდ იყო შეფასებული, ერთობ გულზედ მომხვდა. წესით და რიგით, 100 გრამიანი M&M’s იგივე უნდა ღირდეს რაც ორი 50 გრამიანი M&M’s ერთად, ხოლო იდეალურ შემთხვევაში 100 გრამიანი ორ ცალ 50 გრამიანზე იაფიც იქნება.

ვგონებ, დროა “პოპულმა” ახალი მარკეტოლოგები აიყვანოს, ვინც მათემათიკა იცის ან ძველ მარკეტოლოგებს მათემათიკის საბაზისო კურსები ჩაუტაროს ან დახვეწილად მაინც დაგვაგოიმოს.

ეჰ.

3 Comments leave one →
  1. karburat2 permalink
    18 August, 2011 7:10 PM

    მიხარია, რომ დაბრუნდი
    ბევრი პატარა ემ&ემი დაუგროვდათ ეტყობა და “ტავარი” რომ არ ჩაუწვეთ, ასე ცდილობენ გაყიდვების სტიმულირებას. ალბათ

  2. 2 October, 2011 2:27 PM

    აქამდე ხმას რატო არ იღებდიო?
    აქამდე ხაშლამას მარილი არ აკლდაო.
    ასეა შენი ამბავიც?

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: