რადიაცია და გოძილა
აღიარეთ, ერთხელ მაინც მოგდომებიათ დამდგარიყო სამყაროს აღსასრული, ატომური ბომბები მსოფლიოს მასშტაბით ჩამოეგდოთ, ხოლო თქვენ ხალხის პატარა ჯგუფს გადარჩენისკენ მიმავალ გზაზე წაძღომოდით. გავიდოდა რამდენიმე წელი და უზომო რადიაცია ადამიანთა დნმ-ს შეცვლიდა, ზოგი უჯრედი მოკვდებოდა და ზოგი მუტაციის შედეგად იცვლიდა სახეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპებოდა. გადარჩენილები კი მუტირებული დნმ-ის წყალობით სუპერძალებს შეიძენდნენ.
თუმცა, ყველაზე ძლიერი ადამიანი გახდებოდა ის, ვინც დედამიწაზე გაბატონებული ენერგიის – რადიაციის დამორჩილებას შეძლებდა. დიახ, რადიაცია არის ენერგია, რომელიც ტალღის ან ნაწილაკების სახით გადაადგილდება. რადიაცია ნაწილაკების სახით იმ შემთხვევაში ჩნდება, როდესაც იშლება ატომი. ტალღოვან რადიაციას მასა არ გააჩნია. მისი წყაროებია – მობილური, ტელევიზორი, რენტგენი და ა.შ.
ჰოდა, ალბათ, რადიაციის შედეგად ცხენებს ამოუვიდოდათ თავზე ერთი რქა და გახდებოდნენ მარტორქები. ზოგიერთი ადამიანი კენტავრად (!) გადაიქცეოდა. ციკლოპებიც იქნებოდნენ, ცხადია. ეგენი და კენტავრები ერთ მხარეს იბრძოლებდნენ, ხოლო მათ მეტოქეობას გაუწევდნენ კიბორგები და გოძილები. ხვლიკი იმდენად დიდ მუტაციას განიცდიდა, რომ ტირანოზავრ რექსად გარდაიქმნებოდა. ქათმები და პიგვინები, როგორც იქნა, ისწავლიდნენ ფრენას, მაგრამ თოლიებს დაავიწყდებოდათ. თუმცაღა, თოლიების სასიკეთოდ, ისინი იმდენად გაძლიერდებოდნენ, რომ მთელს გალაკტიკაში ფრიად ძლევამოსილ არსებებად იქცეოდნენ. დაწინაურდებოდნენ დელფინებიც, რომლებიც საუკუნოვანი მოთმინების შემდეგ წარმოჩენდნენ თავიანთ ჭეშმარიტ სახეს, აღიარებდნენ, რომ ისინი უცხოპლანეტელთა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არიან და მშვიდობის მტრედებად მოგვევლინებოდნენ ციკლოპებს, კენტავრებს, კიბორგებსა და გოძლიებს შორის ჭიდილში.
შემდეგ, მოვიდოდა ათი საათი და მეც დავიძინებდი.
განაგრძეთ წერა, მაესტრო