რატომ აგვიანებენ უფროსები

ცხვარი ცხვარიაო, მაგრამ თუ გაცხარდა...
უეცრად, სად იყო და სად არა, Arrested Development-ის ყურებისას ერთობ საჭირბოროტო და უცნაური კითხვა დამებადა: მაინც, რატომ აგვიანებენ უფროსები* სამსახურში? ერთი შეხედვით, უფროსი კაცი (აქ: ადამიანი), რომელსაც კომპანიის სადავეები უპყრია ხელთ, უფრო მეტი მონდომებითა და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს საქმეს, თანამშრომლებსა თუ კომპანიას; ხოლო გვიან-მოვედი-გვიან-წავალთ-ის მაგიერ, რომელსაც ხშირად რიგითი მუშაკების მიერ ზედმეტად ნამუშევარი საათები მოჰყვება ხოლმე, დროზე-მოვედი-დროზე-წავალთ-ით უნდა იხელმძღვანელოს. ამით ხომ იგი კომპანიაში საყოველთაო სიყვარულს, სიხარულსა და სიქველეს ჩაუყრის საფუძველს.
რამდენიმე წუთი კიდევ ვიფიქრე ამ საკითხზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ზემოთ მოყვანილ მსჯელობას წყალი არ გაუვიდოდა. ცამდე მართალი ვიყავი. სისწორეში კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად გადავწყვიტე საკუთარი თავი რაღაც გამოგონილი კომპანია “ერთობა&გართობა”-ს დირექტორად წარმომედგინა, ბევრი თანამშრომლებით, მოადგილით, მეორე მოადგილით, მდივნით, მანქანით და ისეთი პრინტერით, სკანერი და ქსეროქსიც რომ აქვს. და სწორედ ამ დროს მივხვდი, რაოდენ შელგურად ვფიქრობდი აქამდე სიცრუისა და სიფინთის ბურუსში გახვეული.
მსუბუქად რომ ვთქვათ, შტერი უნდა იყო, სამსახურში დროზე მიხვიდე; მითუმეტეს თუ საქართველოში მუშაობ. თუ ვიდეო თამაშებში ახალ ლეველზე გადასვლა უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეების ხოცვითაა შესაძლებელი, კორპორატიულ სოციუმში სოციალური სტატუსის დასა-level-up-ებად თანამშრომლების სარკაზმით ჟლეტვის გარდა სამსახურში გვარიანად დაგვიანება უმთავრესი პირობაა. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი მიღებულ ელ. წერილებზე წუწუნს უკავია; სამკვდრო-სასიცოცხლო შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი შანსის ხელიდან გაშვება, როდესაც შეგიძლია საკუთარ ქვემდგომს რუტინული საქმე შეტენო, რომელიც თავის მხრივ ამ საქმეს თავის ქვემდგომს შეტენის და ა.შ. და ა.შ. სანამ ეს მრავალჯერ შეტენილი საქმე კომპანიის ფსკერამდე არ დაეშვება. მობილურის ზარად ნოკიას მელოდია ან კლასიკური სატელეფონო ზარის ხმა მაღალი სტატუსის ხაზგასასმელი კიდევ ერთი საშუალებაა, თუმცა-ღა ტელეფონის აღებისას უნდა გახსოვდეს, ‘ალიო’-ს მაგიერ რუსული ‘да’ რაც შეიძლება დაღონებული და მქუხარე ხმით ჩასძახო ხაზის მეორე მხარეს მიდებულ ყურს. ხოლო თუ ყველა ამ პირობას პირნათლად შეასრულებ, აი, მაშინ იქნები ჭეშმარიტი ბოსი.
ჰოი, კორპორატიულო სოციუმო, დღეს შენ კიდევ ერთი შეურყვნელი მუშაკის გული აქციე მისივე ხალხის მომავავალი მრისხანე ბოსის კორუმპირებულ ტახტად.
გმადლობთ ყურადღებისთვის. რომელიმე შემდეგ ჩანაწერში განვიხილავ (ან არ განვიხილავ) რა კიდევ ერთ საჭირბოროტ საკითხს, რომელიც Arrested Development-ის გაცნობამდე გაცილებით ადრე მოადგა გონების კარიბჭეებს: დასვენების რაობა და რატომ უნდა დავისვენოთ დასვენებაზე და რატომ არ უნდა ანაზღაურდეს დამატებითი სამუშაო დრო.
ნაწყვეტი კრიტიკული ელვა წერილიდან მძიმე მიძღვნილი ამა პოსტზე ორწერტილი
ბრჭყალი მრავალწერტილი გარდა გამოთქმული აზრთამამებისა მძიმე მკითხველის ყურადღებას იქცევს ნიშნულები მძიმე ე წერტილი წ წერტილი თაგები მძიმე როგორებიცაა ორწერტილი კარაქი რომ პურზე წავუსვა მეტკინება კითხვის ნიშანი წერტილმძიმე ორშაბათი დასვენების დღედ გამოცხადდა წერტილმძიმე და სხვ წერტილი
არა, მაინც რისი თქმა უნდოდა ავტორს? ამის გადაწყვეტა მკითხველისთვის მიგვინდია.
არრესტედ დეველოპმენტის ჭვრეტა უნდა დავიწყო.
და ბოლოს, ასწორებს რა. კაი პოსტია თავის თაგებიან, დედაარსიან, ავტ.შენიშვნებიანად