შიგთავსზე გადასვლა

მარსის შურისძიება

25 აპრილი, 2012

ღვინოს დავლევ, წყალს არა

მივედი თუ არა სახლში, აღმოვაჩინე, რომ მთელი ეს დრო, როდესაც სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი,  გამალებით რეკავდა თანამშრომელი, ხოლო ვინაიდან ზარის ხმა გამორთული დამიტოვებია, მისი ძახილი ასე უპასუხოდ დარჩა. რადგანაც ერთ საათში დეიდაშვილის მანქანის ”პრავის” აღებისა და ამავდროულად, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ პურის ჭამაზე ვიყავი მიწვეული, გადავწყვიტე თავი ბოლომდე მომეყრუებინა და თანამშრომელი თავის პრობლემასთან მარტო დამეტოვებინა.

ცხადია, გასვლის წინ სინდისმა თავისი ქნა და თანამშრომელსაც დავურეკე. ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და უბრალოდ აითიშნიკის ნომერი აინტერესებდა. შვებით ამოვისუნთქე, ნომერი ვუთხარი და სახლი დავტოვე.

დეიდაშვილთან მისულმა მივხვდი, რომ ამ ამბავს უბრალო პურის ჭამის კი არა, კაიკაცური ღრეობის სუნი უფრო ასდიოდა, როდესაც სუფრაზე დალაგებულ ხაჭაპურებსა და დოქში გამოდგმულ ღვინოს მოვკარი თვალი. როგორც ჩანს, დედა და ბებია ბოლომდე გაისარჯნენ.

შემოვუსხედით სუფრას თუ არა, არც აციეს და არც აცხელეს, წავიდა სადღეგრძელოები, ჰაი, ჰუი, ოჯახის სადღეგრძელო, პურის სადღეგრძელო, დედმამიშვილების სადღეგრძელო, წასულების სადღეგრძელო, გასულების სადღეგრძელო, ფუძის ანგელოზის სადღეგრძელო, პალიასტომის ტბის სადღეგრძელო, სადღეგრძელოების სადღეგრძელო, დოქის ყურის სადღეგრძელო, ჩამოვარდნილი ფოთლების სადღეგრძელო, სუფრის სადღეგრძელო, ღვინის დამყენებლის სადღეგრძელო და დადგა ის მომენტი, როდესაც მშვენიერი სქესის სადღეგრძელოს ჯერიც მოივდა.

აქ ერთი ზურნა-დუდუკი აკლდა ისეთი ლექსი წარმოთქვა ერთ-ერთმა თანამეინახემ, აქო და ადიდა ქალის პეწი და სილამაზე, სიკეკლუცე და მანდილოსნება, სისპეტაკე და ტანკენარობა, შველივით ყელმოღერებულება და ხოხბისავით გოგმანობა; ბოლოს, ქალს კაცმა პატივი უნდა სცესო, აბა, ის რა კაცია, ქალი რომ არ უყვარსო, დააყოლა და წითელ ღვინოს მუცელში გადაუძახა. ჰოი! ჭერვმეტყველების სრული ზეიმი იყო. წამოიტაცა ყველამ, აქაო და ეგენი რით იყვნენ ნაკლები ვაჟკაცები და ატყდა ერთი ამბავი: ქალი ხელის გულზე უნდა ატაროო, თავზე ბუ არ უნდა გადააფრენინოო, მე რომ ცოლს მოვიყვან ბაზარში არ ვატარებო და მისთ მსგავსნი.

საოცარია, რაოდენ უმეცარი ვყოფილვარ, რატომ აქამდე არ ვამჩნევდი იმას, რომ საქართველომ მილიარდი წლით გადაუსწრო მსოფლიოს და ამ ზენაარი ქვეყნისათვის სქესობრივი თანასწორობა სამყაროს წყობის ფუნდამენტური საშენი მასალა გამხდარა: აქ პიროვნული თვისებები სქესზე წინ დგას; აქ ჯერ ადამიანი ხარ და შემდეგ კაცი ან ქალი; აქ მანქანა ცუდად იმიტომ დაგყავს, რომ ტარება არ იცი; აქ ჭურჭელს იმიტომ რეცხავ, რომ ბინძურია; ყველას ერთდროულად დავიწყებია ფრაზა: ”ქალო, მოდი ნასკი გამხადე”; აქ ბიჭები ერთმანეთს აღარ აბრაზებენ ”გოგო-გოგო”-ს ძახილით; აქ გადაცემა ”ქალური ლოგიკის” იდეის ავტორები ციმბირში გადაუსახლებიათ ერისათვის მიყენებული მორალური ზარალისთვის; იმედი ელი და საქართველოს ბანკი აღარ აკეთებენ იდიოტობა რეკლამებს.

ამ წუთიერი ფიქრებიდან გამოღვიძებულმა თავი რაღაც გაცხარებული საუბრის შუაში ამოვყავი. როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი დრო გასულა, რადგანაც მადიგაზე ცარიელი ბორჯომის ბოთლების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილიყო, ხოლო ხალხის ნახევარი სადღაც გამქრალიყო. ის სადღეგრძელოს ავტორი, რომელმაც რამდენიმე წუთის (ან საათის) წინ ფუტურისტული ქვეყნის ჰალუცინაციები მომგვარა, გაცხარებული ედავობოდა მის გვერდით მჯომ ყმაწვილს, თუ რამდენად გამოიმასქნებული თანამშრომლები ჰყავდა და როგორ უწევდა ყველაფრის თავად კეთება. აღმოჩნდა, რომ თურმე, მისი თანამშრომელი (რომელიც ამავდროულად მისი კურსელიც იყო) თავის საქმეს ვერ უმკლავდებოდა, რის გამოც კონსტანტურად სწორედ ჩვენს მესადღეგრძელოვეს მიმართავდა დახმარების მიღების მიზნით. მიუხედავად ამ თანამშრომლის არაკომპეტენტურობისა, მას სამსახურიდან არ უშვებდნენ. თანამოსაუბრემ წარბები აიქაჩა და ალკოჰოლით დამბალი ენა ძლივლს ლუღ-ლუღით აამოძრავა:

”კი მაგრამ არრაფრის აზრზე თუ არაა ეგ ჩემისა რატომ არ უშვებენ?”

რაზეც მესადღეგრძელოვემ მიუგო:

”ქალია შეჩემა რა უნდა ელაპარაკო, ორს ორს ვერ ამატებს ისეთი დებილია.”

სახლში რომ მივედი უკვე ღამე იყო.

One Comment leave one →
  1. ზუკა permalink
    28 აპრილი, 2012 4:40 PM

    zukapb.blogspot.com

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: