Skip to content

ბიუროკრატია და ტყემალი

18 December, 2012
ცათამბრჯენი

ცათამბრჯენი

იმ დღეს მზიანი ამინდი იყო. ეს იმიტომ მახსოვს, გარეთ რომ გავედი მზე ისე მიჭყიტინებდა თვალებში, წინ მომავალი მანქანა ვერ შევნიშნე და კინაღამ დავეჯახე, უფრო სწორად, დამეჯახა. შემქმნელს მადლი, ორივენი გადავრჩით, მაგრამ ეს არ არის ამ ამბის მთავარი საკვანძო მომენტი.

დედამიწაზედ განმწესების დღიდან ვიცოდი, რომ ბიუროკრატიამ დაუძინებელი მტერი შეიძინა ჩემი სახით. კორპორატიული სამყაროში მოღვაწეობის წამოწყებისა და კანტორაში მუშაობის დაწყების შემდგომ, მას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებოდი, რაც, რა თქმა უნდა, სევდას მგვრიდა. ამიტომაც ყოველნაირად ვცდილობდი, ბიუროკრატიის საფუძვლებისთვის წყალი შემეყენებინა, დამენაღმა, ბზარი გამეჩინა და ა.შ. რას ვიფიქრებდი, თუ ეს ტიალი დიდ განსაცდელსა და ხიფათს მიმზადებდა.

როგორც უწინ აღვნიშნე, იმ დღეს მზიანი ამინდი იყო. სამუშაო საათები იწურებოდა და კანტორაში სრული სიმშვიდე სუფევდა. მთელი დღე თავაუწეველი შრომის შემდგომ ცხელ ჩაის მივირთმევდი და ფანჯრის მიღმა ცის სილაჟვარდით ვტკბებოდი. ამ დროს მოხდა ის, რაც დღის ბოლოს ყველაზე მეტად არ უყვართ კანტორის მუშაკებს: კორპორატიულ ფოსტაზე წერილი მოვიდა. სახლში წაბრძანებამდე რჩებოდა ცხრა წუთი. მსწრაფლ მორალური დილემის წინაშე აღმოვჩნდი: დღეს წავიკითხო თუ ხვალ? წერილის სათაური ღაღადებდა: “Fwd: Fwd: Fwd: Re: Fwd: !!!!”. კონკრეტული სათაურის ადგილას განუზომელი რაოდენობით ძახილის ნიშნების მჭიდრო კონცენტრაცია კარგს არაფერს მოასწავებდა, ისევე როგორც მის წინ მდგომ აბრევიატურათა სიუხვე. როგორც, ხალხური სიბრძნე ღაღადებს, რაც შეიძლება გააკეთო ხვალ, გააეკთე ხვალო, არც თუ ისე ბევრი ფიქრის შემდეგ წერილის დილამდე ხელუხლებლად დატოვება განვიზრახე. ამ დროს ოთახის კარი გაიღო და აქოშინებული უფროსი შემოიჭრა, წერილი ნახე, სანამ წახვალო და გავიდა. რა გაეწყობოდა, თავს ზევით ძალა არ მქონდა.

გავხსენი რა წერილი აღმოვაჩინე, მისი საწყისი წყარო, უფროსთა-უფროსი თვით გენდირი (გენერალური დირექტორი) იყო. აღსანიშნავია, რომ წერილი თავდაპირველად გენდირს თავისი მარჯვენა ხელისა და მახვილისთვის (მოადგილე) 2 (ორი) თვის წინ მიუწერია სათაურით “3rd Quarter Plan”. გამოხდა ხანი, და მისმა მარჯვენა ხელმა და მახვილმა იგი ფინდირს (ფინანსური დირექტორი) გაუგზავნა, რომელმაც იგი თავის მხრივ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმწიფეს გადაულოცა. მცირე დროის გასვლის შემდგომ ეს წერილი რომელიღაც მენეჯერთან აღმოჩნდა საფოსტო ყუთში, რომელმაც Re: პასუხი გააკეთა, ამეებს მე ვერ დავწერ თუ სწორი მონაცემები არ მექნაო, რის შემდეგაც 5 (ხუთი) კალენდრული დღის გასვლის შემდეგ ეს უსტარი ჩემს უშუალო უფროსსა და აგრეთვე, დეპარტამენტის ხელმწიფეს, მიუვიდა და ჩემამდე მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოაღწია. გენდირის მიერ დაწესებული თავდაპირველი ვადა დღეს იწურებოდა.

იმ დღეს სახლში გვიან მივედი, მაგრამ ბოლომდე ყველაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. ამასთან, მარტო ჩემი გასაკეთებელი არც იყო და ჩემს გარეშე და ჩემთან ერთად არაერთმა მუშაკმა განათია ღამე. 10 დღის შემდეგ 3rd Quarter Plan გენდირის მაგიდაზე გაწკიპინებული იდო.

იმ თვეს ჩემი დეპარტამენტი კარგი და საფუძვლიანი მუშაობისთვის პრემიას უმიზნებდა. აჟიტირებულნი და გახარებულნი წინასწარ ვგეგმავდით, თუ სად და რაში დავხარჯავდით მომატებულ ფინანსებს, როგორ ვიჟრიამულებით და რა კარგ დროს გავატარებდით შაბათ-კვირას. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. თვის ბოლო რიცხვში ჩატარებულ საერთო ყრილობაზე, რომელზეც ჩვენი საზეიმო დაჯილდოვება უნდა მომხდარიყო, გენდირის მარჯვენა ხელმა და მახვილმა ტრაღიკულად გვამცნო, რომ მესამე კვარტლის გეგმის დაგვიანებისთვის ამ თვეში პრემიას ვერ მივიღებდით.

No comments yet

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: