შიგთავსზე გადასვლა

როდესაც თბილისი დაემსგავსა ლონდონს

23 სექტემბერი, 2010

გაფრთხილება 'იქიდან'

გუშინ თუ გუშინ წინ ლექციებიდან მიღლილი ძალიან მძიმე ჩანთით შინ ვბრუნდებოდი. სახლში მისვლა ფეხით ვამჯობინე, რამეთუ ავტობუსმა გამასწრო და შემდეგის დალოდებას ისევ იმ უბედურ კიბეზე აფოფხვა მერჩივნა. ჯერ კიბემდე არ მიმეღწია, რომ ერთი რეკლამა გამახსენდა. თქვენც გემახსოვრებათ, ალბათ და თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, თბილისის ქუჩებში ერთ დროს გამოკრული დიდი ‘ბილბორდები’ ნაგვის სანაგვე ყუთში ჩაგდებაზე მოუწოდებდა მოსახლეობას და სანაცვლოდ ქალაქის ლონდონს, პარიზსა თუ ბერლინს დამსგავსებას ჰპირდებოდა. მაშინ, მახსოვს, ვიფიქრე, ასი წელი ლონდონს ვერ დავემსგავსებით-მეთქი, მაგრამ მალე შევნიშნე, რომ ქუჩაში დაყრილი ნაგვის რაოდენობამ იკლო. ხალხმა გამოფხიზლება დაიწყო, ყველას მოუნდა უკეთეს, უნაგვო გარემოში ცხოვრება, სუფთად, წყნარად, კარგად, სპეტაკად. იმედი მომეცა.

თუმცა, განა ცხოვრება რამეთი დატკბობას გაცდის?! გუშინ თუ გუშინწინდელ დღეს ჩაკვდა ტკბობა ჩემი. კიბემდე არ ვიყავი მისული, რომ დავინახე, მოპირდაპირე ტროტუარიდან გოგონა გადმოდიოდა. როდესაც გზა გადაკვეთა, ნაყინი, რომელიც ხელში ეჭირა, შეფუთვიდან ამოიღო და ეს შეფუთვა მშვიდად, წარბშეუტოკებლად ძირს დააგდო. არადა დიდი რკინის სანაგვეები რომ არის, ზუსტად ისეთი ორი ნაბიჯის დაშორებით იდგა.

– უკაცრავად, გოგონი, მგონი ნაგავი, დაგივარდათ, – ვუთხარი მე.
– რა ბრძანეთ? – გოგონამ გაკვირვებით შემხედა.
– ნაგავი დაგივარდათ-მეთქი, – კიდევ ერთხელ გავუმეორე და თვალებით ნაყინის ასფალტზე დაგდებულ შეფუთვაზე მივუთითე.
– მერე?
– აიღეთ, არ გინდათ? თქვენია, – გავუღიმე მე.

მერე როგორ გაგრძელდებოდა ისტორია არ ვიცი, რადგან ეს დიალოგი მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში მოხდა. თუმცა, დასასრულს მნიშვნელობა არც აქვს. ფაქტი ისაა, რომ თბილისი ლონდნოს იქამდე ვერ დაემსგავსება, სანამ ლონდონში ყველა ლონდონელი ნაგვის ძირს დაყრას არ დაიწყებს!!!

იზენგარდი დაიდო

3 ივლისი, 2010

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დუტუ რუსთაველზე არხეინად მიგორავდა თავისი ”ნოლ შვიდით”. დაღლილი და დაქანცული იგი სახლისაკენ მიემართებოდა, როდესაც ტროტუარზე ორი ჰობიტი შენიშნა. ერთობ დაინტერესებულმა დუტუმ მანქანა ოპერის ჩასახვევთან მიაყენა და ფანჯრიდან თავი გადაყო. ”საით მიბრძანდებით, ბატონებო”, გასძახა მან ჰობიტებს. მას ერთი ჰობიტი მიუახლოვდა და რქუა: ”შორი გზიდ მორდორს მივდიოდით, მაგრამ ვგონებთ, არასწორ გზასა ვადგავართ. ხომ ვერ მიგვასწავლიდით, კეთილო ბატონო, საით ძევს მორდორი?” დუტუ შეიშმუშნა, მან არ იცოდა სად იყო მორდორი. ცოტა ყოყმანის მერე კი მიუგო: ”შვილებო, მორდორი ჩრდილოეთით უნდა იყოს; აგერ, შუა გმირთა მოედანზე იზენგარდი აღმართეს წეღან და სანამ ორკები გამოუშვიათ მზიურის გასაჩეხად, გირჩევთ იჩქაროთ, თორემ ხომ იცით, მერე ესტაკადა გზას განტვირთავს და მორდორს შეგიძლიათ დაემშვიდობოთ!” ჰობიტებმა დუტუს მადლობა გადაუხადეს და გადასასვლელში ჩავიდნენ.

-ხალხური ზღაპარი

იმ დღეს 57-ით სახლში ვბრუნდებოდი. ის იყო გმირთა მოედანზე გამოვედით, რომ თვალებს ვერ დავუჯერე. გმირთა მოედანზე იზენგარდი დაიდო! აი, ზუსტად ისეთი, ”ბეჭდების მბრძანებლის” ფილმში რომ არის! თან გარემოც როგორ ზუსტად შეურჩევიათ: გარშემო სიმრგვალე, მუშები მზისაგან გაშავებულნი მტვრიან სტაფილოსფერ კომბინიზონებში ორკებსა ჰგავდნენ, იქვე გაჩეხილი მზიურიც და განწირული ზოოპარკიც ბანს აძლევდა საიზენგარდო გარემოს.

ინდუსტრიული ელემენტებით, თაკარა მზეზე მანქანების ღრიანცელში გახვეული იზენგარდი ამაყად იდო გმირთა მოედანზე. ერთადერთი სარუმანი აკლდა იქაურობას, თუმცა ჯერ გვიანი არ არის. მაგის ჩამოტანაც შეიძლება იტალიიდან. მოკლედ, ამ ტურისტების მოსაზიდად რას აღარ შვრებიან-მეთქი, გავიფიქრე.

მეორე დღეს ისევ ჩავუარე ქართულ იზენგარდს და ამჯერად კიდევ უფრო დავრწმუნდი მის იზენგარდობაში. მესამე დღეს იგი ღამით ვიხილე. გაოგნებული დავრჩი, თუ რაოდენ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მელნისფერ და ყვითელ ნათურებს. ეს ბუმბერაზი შენობა ცირკის მიშენებას უფრო ჰგავდა ვიდრე ტოლკიენის მიერ აღწერილ ორთანკს. მეოთხე დღეს ვეღაც შუა ხნის კაცი მზიურის მიმართულებით გაჰყვიროდა, ორკები გამოუშვით, ფარჩაკებოო.

მეხუთე დღეს მითხრეს რომ ეს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი ყოფილა. კი შემრცხვა, მაგრამ რა ვიცი, ჩემთვის მაინც იზენგარდია.

ფრთხილად, ვუვუზელა!

25 ივნისი, 2010

თქვენც გასემოდათ, არა, გუშინ? გერმანია რომ განას ეთამაშებოდა, წაიღეს ტვინი ამ ვუვუზელათი! აქამდეც ერთი ამბავი იყო ფეხბურთის მატჩებზე, ღრიანცელი, ბღავილი, წვილი, კივილი, მაგრამ ამ ჩემპიონატმა ვუვუზელითურთ ყოველივეს გადააჭარბა!

გაიტანეთ ვუვუზელა! გადაარჩინეთ ერთი ყური მაინც!

(აააააააააა, ძაან მაგარი! სწორია (იმ კაცის ხმით, ადრე ტელევიზორში ქართული ენის შეცდომებს რომ აცხადებდა) – ”ბიჭო, შენ შიგ ხომ არ გაქვს?”, სწორია – ”ბიჭო, შენ ვუვუზელა ხომ არ გაქვს?”. ან კიდევ ეს –  ”ვუვუზელა გამიზრდია უბეში”. ჰო, ეს ლირიკული თუ ლირიული გადახვევა. განვაგრძობ თხრობას)

თუმცა, მეორე გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ერთი ვუვუზელა რომ მაჩუქონ, უარს არ ვიტყოდი. ავავუვუზელებდი აივნიდან ერთი კარგად. იფ! არა, არა, კარგია ვუვუზელა მაინც. ეგრეა, გაქვს ვუვუზელა, მაშასადამე გიყვარს ვუვუზელა, არ გაქვს ვუვუზელა? მაშინ საზღვარი აქვს ყველაფერს!!!

არადა, ეს ყურთამმუსვრელი საკრავი თავის ისტორიას ასე უწყინრად იწყებდა: პირველი ვუვუზელა მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და იგი ისაია შემბემ სამხრეთ აფრიკაში შეიტანა (საწყალი აფრიკელები). ისაია შემბეს ეკლესიის დამაარსებელი იყო, სადაც ვუვუზელა, აფრიკულ დასარტყამებთან ერთად, რელიგიურ მიზნებს ემსახურებოდა და ხალხი ღმერთებს მისი აზუზუნებით მიაგებდა პატივს. ბევრს ეს ციური საკრავი ზულუს ტომის საყვირის  სახესხვაობა ჰგონია, რომელიც მეზობელ სოფლებთან საკონტაქტოდ გამოიყენებოდა, თუმცა ეს სრული დეზინფორმაციაა. ზუსტად ამასვე წაიკითხავთ თქვენ ვიკიპედიასა შინა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ვუვუზელა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკომუნიკაციო საყვირი.

ვუვუზელა ჩასაბერ ინსტრუმენტთა ყველაზე აუტანელი, გამაყრუებელი და ამავე დროს სახალისო საკრავია. აბა, ვუვუზელა რომ არა, რაზე ილაპარაკებდა ამდენი ხალხი დღეს??!

თან სახელიც როგორი აქვს: ვუვუ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ზ-ელა! უკვე გაყრუებს!!

არაფრის არსებობის დილემა

30 მაისი, 2010

გენიალურის შექმნის მცდელობა დამთავრებული კრახით, The Limits of Control (2009)

ახლა ვხვდები, რომ პროფესიის არჩევაში დიდი შეცდომა დავუშვი. მეტაფიზიკოსი უნდა გამოვსულიყავი! ჰოჲ, მავანნო მეტაფიზიკისანო, რა ღენიალური ტვინი დაჰკარგეთ თქვენ ჩემი სახით!

ჰოდა, გუშინ საღამოს უსაქმურობის ჟამს ”ნეიშენალ ჯეოგრაფიკს” რომ ვუყურებდი, არაფრის შესახებ დავიწყე ფიქრი (გთხოვთ აღნიშნოთ, რომ წინ უსაქმურობის ჟამი დავწერე). რა ფერია არაფერი? ვაფშე არაფერი რომ არ არსებობდეს, რა ფერი იქნებოდა ეს არაფერი? უმეტესობა გიპასუხებთ სამიდან ერთ-ერთს: შავი, თეთრი, რუხი. სამივე პასუხი მცდარია. თუ დავფიქრდებით, არაფერი თავის თავში გამორიცხავს რაიმე ფერის არსებობას (არც ფერია და არც ერბო კვერცხი). შესაბამისად, მას ვერც ვერაფრის ფერი ექნება. გთხოვთ აღნიშნოთ, რომ შავი არის სიბნელის ფერი და სიბნელე არ ნიშნავს არაფერს. არაფერში არც სიბნელეა და არც სინათლე. აქედან გამომდინარე, თუ არაფერი არაფერის ფერია, ე.ი. იგი არის გამჭვირვალე!!!

მაგრამ აი, მთელი ოხრობაც აქ არის ჩამალული. რაიმე გამჭვირვალე რომ იყოს, იგი უნდა წარმოადგენდეს რაღაცას, ეს კი უკვე აღარ ნიშნავს არაფრის არსებობას. გამოდის, რაღაც მაინც არსებობს თუ იგი გამჭვირვალეა! შესაბამისად, არაფერი არაფრის ფერი არ არის და ასეთი ფერის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რადგანაც იგი არ არსებობს.

მეტსაც გეტყვით, არაფრის არსებობაც შეუძლებელია. არაფრის არარსებობის ნაცვლად, ასევე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი არსებობს ანუ [არაფერი არ არსებობს]=[არაფერი არსებობს]. მაგრამ არსებობისთვის აუცილებელია, რომ არსებადი საგანი ისევ რაღაცას წარმოადგენდეს. არსებადი საგანი არაფერი ვერ იქნება, რადგანაც არაფერში არაფერი არ არსებობს.

აქედან გამომდინარეობს ბრძნული დასკვნა, რომ არაფრის არსებობა შეუძლებელია და რამეთუ, მისი არსებობა არის შეუძლებელი, არაფრის ფერიც არ იარსებებს.

აჩვენეთ ეს თეორია მეტაფიზიკოსებს და იქნებ ნობელის პრემიას გამოვკრა ხელი.

თუ ვერაფერი გაიგეთ, გილოცავთ, თქვენ არ გემუქრებათ ”nerd-ობა” და ნობელის პრემია.

მერფის კანონები

27 მაისი, 2010

ადამიანები რომ განსაკუთრებული იუმორის გრძნობით ვართ დაჯილდოვებულნი, ამას რათ უნდა ბჭობა და ბაასი.  აი, დაისტურად, არგენტინაში საკუთარ ძმაზე დაქორწინება არალეგალურია. ჩინეთში აკრძალულია სახლის სარდაფში 1 ტონაზე მეტი ფეიერვერკის შენახვა (ზამთრის მარაგია, ალბათ). და თუ თქვენ შვეიცარიაში, თანაც კორპუსში ცხოვრობთ, საღამოს 10 საათის მერე ტუალეტის ჩარეცხვა შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ!

მოკლედ, ამ ჩანაწერში კანონებზე რომ დავწერ, მიხვდით ალბათ. უფრო ზუსტად კი მერფის კანონებზე.

მერფის კანონები წარმოადგენს სამყაროს ნეგატიურ-სატირიკულ ხედვას, როდესაც ჭიქა ნახევრად ცარიელია და არა ნახევრად სავსე; როდესაც სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან; როდესაც გვირაბის ბოლოს სინათლე დენის ფულის გადაუხდელობის გამო ქრება; და როდესაც სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიცოცხლე უნაძრახოჲ.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათი ავტორი ვინმე მერფია, მინდა გაგახაროთ, რომ ცდებით! ამ კანონების ჭეშმარიტი ავტორი რანდომიზირებული, თქვენნაირი და ჩემნაირი, ჩვეულებრივი ადამიანნი არიან.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. მერფის პირველი კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ედვარდსის საჰაერო ძალების ჩრდილოეთ ბაზაზე 1949 წელს დაიბადა. კანონებს კაპიტან ედვარდ ა. მერფის პატივსაცემად ეწოდა. მერფი იმ დროისთვის პროექტზე მუშაობდა, რომლის მიზანი იყო გამოეკვლია თუ რამხელა ზეწოლის ატანა შეუძლია დიდ სიჩქარეზე მყოფ ადამიანს სიჩქარის უეცრად დაგდების დროს.

ერთ დღეს, როდესაც მერფიმ აღმოაჩინა რომ მიმღები არასწორად იყო შეერთებული ქსელში, დასწყევლა რა ამაზე პასუხისმგებელი ტექნიკოსი და დასძინა: ”რამის არასწორად გაკეთება რომ არ შეიძლებოდეს, ის მაინც იპოვნის ასეთ გზას”.

პროექტის კონტრაქტორის მენეჯერს ჩამოწერილი ჰქონდა ”კანონების” სია, სადაც მან ეს გამონათქვამიც მიაწერა და მერფის კანონებმაც სწორედ აქედან დაიდეს სათავე. მერე პრესა, მედია, რამე და დღეს მე ამ კანონებზე ვწერ.

ამ კანონთა ძალა ყველას ჩვენ თავებზე გამოგვიცდია. აი, თუნდაც ეს კანონი: პროექტის პირველ 90%-ს დროის 90% სჭრიდება. ბოლო 10%-ს კი მეორე 90%. თითქმის ყველა პროექტისთვის, რომელიც გამიკეთებია, მერფის ეს კანონი სრული ჭეშმარიტებაა.

ან ეს: თუ გაგვიანდება, ავტობუსიც აუცილებლად დაიგვიანებს. მახსოვს ერთხელ იაპონურზე მაგვიანდებოდა. ლექციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გავედი. ავტობუსმაც ნახევარი საათით დააგვიანა, გზაში საცობი დამხვდა და შედეგად, ლექციაზე 40 წუთით გვიან მივედი.

ესეც: როდესაც ბევრი საქმე არ გაქვს, ამ დროს ყველა კოლეგა [მეგობარი] დაკავებულია. ვფიქრობ, ამას მაგალითი არ სჭირდება.

მერფის კანონების დაძლევა დედამიწის გრავიტაციის ძალაზე გამარჯვების ტოლფასია. თუ ამ კანონს გვერდს აუვლით, კოსმოსის დაუსრულებელი სივცრეები გადაიშლება თქვენს წინ ვითარცა კოსმონავტისა წინა. წინ, კანონთმრღვეველნო და კანონების რისხვა ქართველებო!! მარტო წითელზე გასავლა საკმარისი აღარაა!

მერფის კანონები იხილეთ აქ: http://www.murphys-laws.com/

ტრიმფალური დაბრუნების შემდეგი ჩანაწერი ანუ როგორ შევქმნათ საიდუმლო იარაღი

26 მაისი, 2010

ჯარისკაცთა ახალი საიდუმლო იარაღი: გიგანტური ციცა

ჩემი ტრიუმფალური დაბრუნების (შემდგომში ტრიუმფალ. დაბრ.) მერე პირველად ვწერ ბლოღსა ზედა. ჰო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრიუმფალ. დაბრ. თითქმის ერთი თვის წინ შედგა, ჩანაწერმა ცოტა დაიგვიანა.

აქ გასწავლით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ნამდვილი საიდუმლო იარაღი. ამ გეგმის შემუშავებისთვის არაერთი გენიალური ტვინი მუშაობდა და ჩემამდე ძალიან სანდო წყაროებიდან მოაღწია. მოკლედ, იმისათვის, რომ საიდუმლო იარაღის შექმნას აზრი ჰქონდეს, პირველ რიგში უნდა გყავდეთ მტერი*. უფალმა დაგიფაროთ და თუ მტერი გყავთ, ეს გეგმაც სწორედ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი.

ამ გეგმის, როგორც ამერიკელები ამბობენ, დიდი თითის წესი დაიმახსოვრეთ და გონივრულად გამოიყენეთ: არ უთხრა მეგობარს ის, რაც არ გინდა იცოდეს მტერმა.

მაშ, როგორ უნდა შევქმნათ საიდუმლო იარაღი?!

1. გამოიგონეთ ისეთი იარაღი, როგორიც არცერთ თქვენს მოწინააღმდეგეს არ აქვს და რომელსაც დიდი ზიანის მიყენებაც შეუძლია.

2. გაასაიდუმლოეთ მისი გამოგონების, შექმნის, ადგილმდებარეობის და არსებობის ნიშანწყალი. ვითომ, ასეთი იარაღი არც გაქვთ.

3. დარწმუნდით, რომ თქვენმა მტერმა ამ საიდუმლო იარაღის შესახებ იცის.

ამ სამი, უმარტივესი ნაბიჯის დანერგვით, თქვენ მსოფლიო დომინირებას მოიპოვებთ. გმადლობთ ყურადღებისთვის.

*შენიშვნა: ეს გეგმა გამოგადგებათ იმპერიის შექმნისთვისაც.

ჩემი ტრიუმფალური დაბრუნება

5 მაისი, 2010

აგერ უკვე თითქმის 2 თვეა ბლოღსა ზედა თაგვიც არ გამიტარებია და ერთი ასოც კი თვალთა სალბუნად არ დამიწერია. ჰოდა, ვგონებ, დადგა დრო შეგახსენოთ იმის შესახებ, რომ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და ასე ვაპირებ დარჩენას სულ მცირე უახლოესი 10 წლის განმავლობაში.

ეს არის ჩემი ტრიუმფალური დაბრუნების ჩანაწერი. მეტსაც დავწერდი, თუმცა საქმენი საგმირონი მიხმობენ და ამიტომაც ავდგები და წავალ. მაინც არაფერია სათქმელი და რაც სათქმელი იყო, უკვე დიდი ხანია ითქვა, თუ როგორც არის ხოლმე.

მოკლედ, არ დანებდეთ სისტემას, წადით არჩევნებზე, გადახაზეთ ყველა და დაბრუნდით სახლებში. მერი მაინც უგულავა იქნება, იმიტომ რომ მაგას უყვარს თბილისი.

მორიგი კვერცხობა ავატარზე

12 მარტი, 2010

ჩემ მიერ შექმნილი სიმპსონისეული ავატარი

მოკლედ, ახლა მივხვდი წინა ჩანაწერში ”ავატარზე” რამდენი კვერცხობა მიწერია. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხობასაც თავისი მუღამი აქვს, მაინც წავშალე ის უბედური პოსტი.

ჰოდა, რისი დაწერა მსურდა. იმ დღეს ლევნამა მითხრა, ავატარზე რაღაც ფსიქოლოგიური გარჩევა გაუკეთებიათ და იმას განიხილავდნენ, ვინ ვისი ავატარი იყოო, ადამიანი ავატარის თუ ავატარი ადამიანისო. კაროჩე, თუ აირიეთ, დაიკიდეთ, ამაზე მაინც არ ვაპირებ წერას. ჰოდა, მაგაზე გამახსენდა, ავატარის, როგორც სიტყვის მნიშვნელობა.

ავატარი არის ინდური სიტყვა და ინდოელნი ხმარობენ მას რეინკარნაციის მაგიერ. აი, მაგალითად, კრიშნას ავატარი, იგივე მისი განსახიერება/რეინკარნაცია დედამიწაზე, ოდესღაც ყოფილა თევზი. ნუ, კრიშნა თავადვე იყო ღვთაება ვიშნუს ავატარი, მაგრამ მაინც, ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ. იაჰუ მესენჯერში სურათი რომ გვიყენია, მაგასაც ხომ ავატარს ვეძახით. ვეღაც ფრიად მახვილგონიერი ყოფილა იმ პატარა მართხკუთხა სურათებს ავატარი, იგივე ჩვენივე თავის რეინკარნაცია, რომ დაარქვა. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას ფილმ ”ავატარზეც”, სადაც ეს ადამიანების მიერ მართული ლურჯი გიგანტები მათივე რეინკარნაციები არიან სხვა პლანეტაზე.

მოკლედ, სულ ეს იყო ამხანაგებო.

პ.ს. უი, დამავიწყდა. მაგრამ ჯერ გაფრთხილება: ვისათ ”ბინდი” გევასებათ კითხვა აღარ გააგრძელოთ. იმ დღეს ხელი წამიცდა, მაგის მეორე ნაწილი გადმოვწერე და ვუყურე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უაზროდ დახარჯული 2 საათი. მაგას სჯობდა უბრალოდ ფანჯარაში მეცქრია მთელი ეს დრო. 😐

რაიხი, საბჭოეთი და შტატები

2 მარტი, 2010

პ.ს. აუცილებლად წაიკითხეთ ბოლოში მიწერილი კომენტარი.

ანტი-საჯაშუშო პროპაგანდა: შტატები, რაიხი და საბჭოეთი.

ჯარში გაწვევის პროპაგანდა: შტატები, რაიხი და საბჭოეთი.

ნაციონალური სიდიადის პროპაგანდა: შტატები, საბჭოეთი და რაიხი.

ომის პროპაგანდა: საბჭოეთი, რაიხი და შტატები

ბოლოში მიწერილი კომენატრი: თავადვე შეატყობდით, რაოდენ გვანან შტატებისა და საბჭოეთის პროპაგანდისტული პლაკატები ერთმანეთს. ღმერთმა უწყის, ვინ ვისგან რა გადაიხატა, მაგრამ ისიც ფაქტია, ამ ორი ზესახელმწიფოს პალატები გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე რაიხის, რამეთუ ფერთა გამა და ფორმები მეტ ენთუზიაზმსა და პატრიოტიზმს აღძრავენ ადამიანის გონებაში; აიღეთ, თუნდაც, ნაციონალური სიდიადის პროპაგანდა – როდესაც ჰიტლერი უბრალო მიწიერ ლიდერად არის წარმოდგენილი, ბიძია სემი და სტალინი გიგანტური ღმერთები არიან. ღმერთები კი ყოველთვის აჯობებებნ ადამიანებს. ახლა, არ მიკვირს რატომ წააგო გერმანიამ მეორე მსოფლიო ომი. ის ომის ღმერთებს ებრძოდა.

საავტობუსე ისტორია

26 თებერვალი, 2010

ყვითელი ავტობუსის პროტოტიპი

მიწაზე, რაც თავი მახსოვს, თითქმის სულ მუდამ საკუთარი ფეხებით გადავაადგილდები. არ აქვს მნიშვნელობა სად მივდივარ, ბარში, მთაში, მე მივდივარ იქ ფეხით. მაგრამ სადაც ფეხით ვერ მივალ, იქ მივდივარ რა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელსაც ჩვენ, ადამიანები, ავტობუსს ვუხმობთ (აქ ერთი ძველი ხუმრობა გამახსენდა: სამი ყველაზე ცნობილი რომაული სახელი რომელია, თუ იცით? მაქსიმუსი, პომპეუსი და ავტობუსიო. ჰა-ჰა. თუ არ გაგეცინათ, არაუშავს – ჩემი ჰიუმორი იერუსალემის მოსალოცადაა წასული, ფეხით). ჰოდა, სად გავჩერდი? ჰო, ავტობუსით მგზავრობა ჩემი ჰობია-მეთქი. არა, მართლა ჰობი კი არაა, უბრალოდ, ავტობუსით მგზავრობა, როგორც ჰობი, არაამქვეყნიური შეთავსებაა.

მახსოვს, როგორ ვიმგზავრე პირველად მარტომ ყვითელი პაზიკით და მძღოლმა ხურდაში 5 თეთრით მომატყუა. იმ დროს 5 თეთრი დიდი ფული იყო – 45 თეთრს დაამატებდი და ერთი ”პაჩკა” ემემდემსი მოგდიოდა.

ამას წინათ, გაჩერებები გააკეთეს ჩემს ქუჩაზე. ამას წინათ რა, ერთი წლის წინ. გაჩერების ცნება ჩვენთან უცხო იყო და ავტობუსიც იქ აჩერებდა, სადაც სთხოვდი. ხალხიც მიჩვეული იყო და მძღოლმაც იცოდა სად გაეჩერებინა, როდესაც რომელიმე ქალბატონს მაღაზიის მერე პატარა კიბის შემდეგ უფრო პატარა კიბესთან ჩამოსვლა სურდა.

თუმცა, მუხთალი წუთესოფელი რამეს დაგაცდის?! ეს იდილიაც მალე მოიშალა. დააყენეს გაჩერების აღმნიშვნელი ტრაფარეტები და მორჩა-გათავდა კაი ცხოვრება. ერთ-ერთი ასეთი ნიშანი ჩემი გაერებისკენ მიმავალ ვიწრო აღმართზეც აღმართეს (როგორ ჟღერს?!).

აღმართია – ზემოდან რომ გადმოხედო, დაღმართი გეგონება. ვიწროა და ერთობ გრძელი, ერთი მხრიდან მუდამ მანქანები აყენია, მეორე მხრიდან გარაჟებია და რომელი გარაჟის კარი რა დროს გაიღება, ღმერთმა უწყის. ორი მანქანა სიგანეში ძლივს, ფეხის მიშველებით, ეტევა, საცალბორბალო (!) გზაა და აქ უნდა გაჩერდეს ავტობუსი? ცხადია, ხალხმა ეს დისკომფორტი მალე შენიშნა და ატყდა ერთი ვიშ-ვიში. ერთი თვე გაჩერებების დაყენების თემა ერთობ გავრცელებული იყო ავტობუსებში. ყველას უკვირდა, რომელმა სულელმა გააკეთა აქ ეს წყეული გაჩერება და ვის რა ჯანდაბაში უნდა იგი თუ მანქანებმა ვეღარ გაიარეს?! მეც ერთობ შეშფოთებული ვიყავი ამ ამბით, როგორც ადგილობრივი მკვიდრი.

ერთხელაც, სახლში ავტობუსით რომ ვბრუნდებოდი, ამ ავბედით გაჩერებასთან მიახლოებისას ისევ ატყდა ხალხში აჟიოტაჟი. ერთი შუახნის მამაკაცმა და ხანში შესულმა ქალბატონმა გაჩერების ავ-კარგიანობის განხილვა ძალიან ხმამაღლა და ინტელიგენტური ტონით დაიწყეს. კაცი აღშფოთებას ვერ მალავდა და გაოცებას იყო, რომელმა უბედურმა დადგა ის. ქალიც იმავე აზრზე იყო და ორივენი ერთად ცდილობდნენ მისტიური გაჩერების აზრის ამოცნობას. ცოტა სიჩუმის მერე, რაც წინ ან გენიალური ან სულელური აზრის დაბადებას ახლავს ხოლმე, კაცმა ბრძანა, იმ კორპუსში, რომლის წინაც ეს გაჩერებაა, უეჭველად პარლამენტარი ცხოვრობსო და სწორედ მისი დაკვეთით გაკეთდა ეს უმსგავსობა აქო.

და ამ დროს წარმოვიდგინე (აქ: შტრაუსის რამე მხიარული ვალსის ფონი ირთვება) როგორ მგზავრობენ პარლამენტარები საქართველოში ყვითელი პაზიკებით ხალხთან ერთად, როგორი ბედნიერია ყველა, ქუჩაში ყოველ დაფურთხებულ ადგილას ყვავილები ამოსულა, მზე კაშკაშებს, ციგნის ბავშვებს დაუბანიათ, აღარავის აცვია შავი (არმანის) ზედა, ხეები გამწვანებულან, მაღაზიის გამყიდვლებს წითელი ლოყები აქვთ, დეიდა ზოიას სალობიე ისევ გაიხსნა, მეოთხედ და  ჩიტები გალობენ ყველა შესახვევში.

ასტრო_მაიკი @დედამიწა სიყვარულით ტვიტერიდან

29 იანვარი, 2010

ასტრო_მაიკის ჩამოტვიტერებული

ახალი ამბავი გაიგეთ? თუმცა, რაღა ახალი, ყველამ იცის უკვე ეგ: ტვიტერი გაფართოვებულა და ახლა დედამიწის ორბიტაზე მყოფ ნასასა და მარსის ჰუმანოიდების სასტავსაც შეუძლიათ ყოველდღიურად დატვიტერება. აი, ავიღოთ ასტრო_მაიკი (იგივე მაიკ მასიმინიო და ადამიანთა რასის წარმომადგენელი ორბიტაზე). კაცი კოსმოსში იყო და აგერ რა ჩამოუტვიტერებია პირდაპირ იქედან დედამიწელებისთვის, მაგარია კოსმოსში ძილიო.

აუჰ, რა გაუსწორდებოდათ ტვიტერის შემქმნელებს…

ეგრეა, ეგრე. ჯერ გაგარინი იყო, მერე არმსტრონგი და ახლა ტვიტერი. მამენტ, სადაც დედამიწაზეა ინტერნეტი, კოსმოსში რა პონტში არ უნდა იყოს, ჰა? იქ რა, ხალხი არ არიან თუ რა ერთი? აქამდე რას აკეთებდნენო, შეიძლება კიდევაც გაიფიქროთ. გგონიათ, აქამდე მართლა უინტერნეტოდ იყვნენ და ნასა ასტრო_მაიკის წასვლას ელოდებოდა? ცხადია ინტერნეტიც იქნებოდა და ერბო კვერცხიც, უბრალოდ, მაშინ ტვიტერი არ იყო და კოსმიური ინტერნეტიც  (ერბო კვერცხითურთ) გასაიდუმლოვებულ ტოპ სეკრეტ ფაილად იდებოდა სიაიეიში.

ასე თუ ისე, ფაქტი ფაქტია. კოსმოსში რომ/თუ წახვალთ, ჩამოტვიტერება არ დაგავიწყდეთ.

წინად თუ წინათ?

21 იანვარი, 2010

ჯამათნო, ვინმემ გამარკვევნიეთ ”წინად” არის სწორი თუ ”წინათ”? აღარ ვარ ადამიანი, შევწუხდი, ხან როგორ წერია და ხან როგორ. უკვე სამი ღამეა აღარ მძინავს მაგის გამო.

მოკლედ, მიშუელეთ და მიხსენით ესოდენ დიდი მჭმუნვარებისგან. უფალი ამ სიკეთეს არ დაგივიწყებთ, სიქველეში ჩაგეთვლებათ.

ერი ლუზერი (გამოცანა)

21 იანვარი, 2010

ეს არის ერი, რომელიც აგერ უკვე 10 საუკუნეა დაჩმორებულია ყველასგან, ვისგანაც კი შეიძლება დაჩმორებულ იქნას; მისი ჯარი უმოწყალოდ მუსრავს მტერს და სისხლს ღვრის მდინარედ, თუმცა, მაინც თითქმის ყველა ომს აგებს; დაპყრობილია ყველა შესაძლო დამპყრობლის მიერ, გადათელილი, გადმოთელილი და გადათელილ-გადმოთელილი. ერთი გამობრწყინების, არალუზერული პერიოდი მხოლოდ 2 საუკუნოვან მონაკვეთს მოიცავს და ყველა დღესაც იმ დროს მისტირის კატა-ძაღლიანად. სხვა დანარჩენ დროს ეს ერი ან სხვებს ებრძვის, ან საკუთარ თავს, ან მარსიანებს პლუტონიდან; ხან დაშლილია, ხან უფრო დაშლილი და ხანაც ვაბშე არ ჩანს მსოფლიო რუკაზე.

ნაცვლად იმისა რომ ვინმემ თუალი გაახილოს და ლუზერობა აღიაროს, ყველა გულისამაჩუყებლად კმაყოფილია, რა საამაყო წარსული გვაქვსო. კიდევ იმასაც იძახიან, ოდესღაც დიდი ყოფილა ჩვენი ქვეყანაო, იმას კი არ იმჩნევენ, რომ ამ წინადადებას წინ სიტყვა ”ოდესღაც” ახლავს.

200 ლარი განწყობისთვის

200 ლარი განწყობისთვის

ღვინის უცნობი მშობელი; ტბაში დენიკინის დროს ჩაძირული ოქროს აკვნის მქონე დღემდე იქ რომ გდია და ამოღებაზე თავს არავინ რომ არ იწუხებს; ქვეყანა, რომელიც ყველას ამერიკის უკანონო შტატი ჰგონია და რომელშიც მალე მარტო ერთი ქალაქი იქნება; ნიჭიერი ხალხის ჯერ არაღმოჩენილი საბადო; მისი სახელი ”ქა”-თი იწყება და ”რთველებით” მთავრდება და ეს არის ერი ლუზერი.

ამოცანა გვეკითხება, აბა რა არის?

თუ თქვენ პასუხი გამოიცანით და მაინც გიჩნდებათ კითხვა, რატომ არის ეს ერი ლუზერი? მაშინ დაიწყეთ თავიდან კითხვა.

დისნეის დეჟა ვიუს ფენომენი

13 იანვარი, 2010

ყველას გექნებათ ნანახი ”ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, ”მძინარე მზეთუნახავი” თუ რომელიმე სხვა დისნეის ძველი მულთფილმი, ”მეფე ლომზე” რომ აღარაფერი ვთქვა. ისე, ცნობისთვის, 1937 წელს გადაღებული ”ფიფქია და შვიდი ჯუჯა” მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეულშიცაა შესული ”ჰარი პოტერისა” და ”ქარწაღებულები”-ს გვერდით.

ჰოდა, რაზე გამახსენდა ეს მულთფილმები. დააკვირდებოდით, ალბათ, ადამიანი გმირები ძალიან რეალურად გამოიყურებიან, პროპორციულებიც არიან და რეალურთან საკმაოდ მიახლოებულად მოძრაობენ ძველ მულთფილმებში. მაშინ არც კომპიუტერი იყო და არც ქსეროქსი რაიმე ზესაოცრებით ასეთი ეფექტისთვის რომ მიეღწიათ. არ ვიცოდი ამას როგორ ახერხებდნენ და ყოველივე მხატვართა საოცარ ნიჭსა და თვალს მივაწერე.

მერე გავიგე როგორც იღებდნენ სინამდვილეში. თურმე, თითოეულ სცენას ჯერ ნამდვილი მსახიობები თამაშობდნენ, ყველაფერს ფირზე იღებდნენ (ხან ფილმის და ხანაც სურათებს სახით). ამის მერე რასაც მხატვრები აკეთებდნენ, სავარაუდოდ, ყველას გექნებათ გაკეთებული: ფანჯარის შუშას რომ სურათი მიადო, ზემოდან ცარიელი ფურცელი დაადო და სილუეტი შემოავლო, ორიგინალის ზუსტ ასლს მიიღებ კონტურებით დახატულს. ზუსტად იმავე ხერხს მიმართავდნენ ანიმატორები, რომლებსაც უკვე გადაღებული კადრები ფურცლებზე კონტურებით გადაჰქონდათ. აი, რატომ იყვნენ პერსონაჟები ასეთი რეალურები.

დისნეის ასობით (თუ არა ათასობით) საბავშვო მულთფილმი აქვს გადაღებული და წარმოიდგინეთ, თითოეული ასეთი ფილმისთვის ცალ-ცალკე რომ გადაეღოთ მსახიობების თამაში, შემდეგ მხატვრებს თავიდან დაეხატათ და აემოძრავებინათ,  რაოდენ ძვირი და ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა ეს ყოველივე. სწორედ ამის გამო (სავარაუდოდ), წარმოიქმნდა ე.წ. დისნეის დეჟა ვიუს ფენომენი, რაც ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში ფრიად ნათლად არის ასახული.

ეკლესიის გარშემო ატეხილი აურზაური

12 იანვარი, 2010

ამ ბოლო ხანებში უამრავი კრიტიკა მესმის ქართული მარლმადიდებლური ეკლესიისა.  კრიტიკოსები არიან ყველგან, ინტერნეტშიც, მეგობარ-ახლობლებშიც, ნათესავებშიც და ავტობუსებშიც. ეს საკითხი კი დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება.  რას შეეძლო გამოეწვია ასეთი გაუცხოება ეკლესიის მიმართ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე მკვიდრი მართლმადიდებლობის მრავალსაუკუნოვანი დამცველი ერისა? საინტერესოა, რა პროტესტი უნდა გაჩნდეს ისეთი შემწყნარებელი და ჰუმანური რელიგიის მიმართ როგორიც მართლმადიდებლობაა? შესაძლოა, რომ მან ამოწურა თავისი რესურსები და როგორც ნიცშე ამბობდა, ღმერთიც უკვე დიდი ხანია რაც მკვდარია?

ერთი შეხედვით, ეკლესიის მიმართ ამგვარი კრიტიკა სხვადასხვა ორგანიზაციათა და პირების არც ისე ჰუმანური და ლიბერალური მოქმედებების შედეგი უნდა იყოს. ყველას ახსოვს მელ გიბსონის ”ქრისტეს ვნებანი”-ს ჩვენების აკრძალვის მოთხოვნები, პროტესტი დენ ბრაუნის ”და ვინჩის კოდის” წინააღმდეგ, ჰელოუინის დარბევა, იაღოველების თავში ჯვრის რტყმევით დევნა და ა.შ.. ლოგიკურია, რომ ასეთ აგრესიასა და უჩვეულო აკრძალვებს პროტესტი გამოეწვია ხალხში, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე დებს თავს და დემოკრატიზაციას განიცდის. დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი აზრის გამოხატვის თავისუფლებაა, რისი აკრძალვა არც რელიგიას, არც კანონსა და არც რაიმე სხვა დოქტრინას შეუძლია. ამგვარი შეუთანხმებლობა სახელმწიფო სტრუქტურასა და მის ძლიერ რელიგიურ მოთამაშეებს შორის წარმოქმნის პროტესტის გრძნობას ხალხის გარკვეულ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო შესაძლოა ერთსა და იმავე მხარეს იყვნენ, ყოველთვის არიან გაღმივლები, რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გრძელვადიანს ვერა, მაგრამ მოკლევადიან ამინდს მაინც ქმნიან მანამ, სანამ ისინი უმცირეობას წარმოადგენენ. ეკლესია ძლიერი ორგანიზაციაა და მას უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ხალხზე. თუმცა, მაშინ, როდესაც ხალხი მასში რწმენას კარგავს, იკარგება ეკლესიის ძალაც და ფუნქციაც და იგი ფუჭი ხდება. ეკლესიაში რწმენის დაკარგვა სრულიადაც არ ნიშნავს ათეიზმს თუმცა, არ გამორიცხავს მას.

მაშ, კვდება თუ არა ღმერთი? ღმერთის სიკვდილი ჯერ კიდევ შორსაა და კითხვა სწორედ ასე უნდა ჟღერდეს: კვდება თუ არა ეკლესია და რა იწვევს ამას?

ვფიქრობ, ამის პასუხის საპოვნელად უფრო უკან წარსულში  უნდა გადავინაცვლოთ. კერძოდ, ინდუსტრიული რევოლუციის დროს, როდესაც მსოფლმხედველეობის რადიკალური ცვლა დაიწყო. მანამდე, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი უმთავრესი (ერთადერთი თუ არა) წყარო სწორედ ეკლესია იყო, შესაბამისად, რომის პაპსაც გაცილებით დიდი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა. მას მერე, რაც წარმოიქმნენ არარელიგიური ხასიათის ორგანიზაციები თუ კორპორაციები, რომელთაც საკმაოდ დიდი გავლენა მოიპოვეს ხოლო კომუნიკაცია არნახულად განვითარდა და ხალხს უფრო მეტი თავისუფლება მიეცა, სწორედ მაშინ დაიწყო ეკლესიის კვდომა. ამას დაემატა სხვადასხვა მეცნიერებების გავლენის გაძლიერება, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების გამრავლება, რადიო, ტელევიზია და ბოლოს, ინტერნეტი. ეკლესიის მთავარი ფუნქცია ხალხის ღმერთთან თუ რელიგიასთან დაკავშირება და მათი კონტროლი იყო. თუმცა, დღეს-დღეობით, როდესაც კონტროლის სხვა უამრავი უფრო ძლიერი საშუალება არსებობს, ხოლო ინფორმაცია იმაზე მეტია, ვიდრე ღმერთთან დასაკავშირებლად და რელიგიის შესაცნობადაა საჭირო, რად გვინდა ეკლესია? თავად განსაჯეთ, უმეტესობა თქვენგანი იცნობს ერთ ისეთ ადამიანს მაინც, რომელსაც სჯერა ღმერთის მაგრამ არ სჯერა ეკლესიის. თუმცა, რამდენიმე საუკუნის წინ, ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი იყვნენ და მათ ეკლესიის უფრო სჯეროდათ, ვიდრე ღმერთის.

ცხადია, ეკლესიის ბოლო საკმაოდ შორსაა, უფრო შორს ვიდრე გვგონია. ნუ იფიქრებთ, რომ ეს სიახლეა. ხომ გაგიგიათ, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო. ერთხელ დანგრეული ეკლესია თავიდან აშენდება დრო რომ მოვა – ჩვენ ყველა ხომ მართლა წრეზე დავდივართ.

პ.ს. ზემოთ აღნიშნული მატერიალი მხოლოდ ჩემს მოკრძალებულ აზრს წარმოადგენს.