შიგთავსზე გადასვლა

ისინი, სხვები და უცხონი

6 მარტი, 2013

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, ერთხელაც, ქუჩაში გასულს თავს განსაცვიფრებელი აზრი მომივიდა. იგი სამყაროს აგებულებასა და წყობას შეეხებოდა, უბრალო თეორიული სავარჯიშო. სახლში დაბრუნებისთანავე ამ იდეაზე ერთსაათიანი საფუძვლიანი ფიქრის შემდგომ სამყაროს ჩემეული მოდელი იშვა, რომელიც მსურს თქვენ, პრივილეგირებულ მკითხველთ, გაგიზიაროთ.

ვიდრე თავად სამყაროს აღწერილობას შემოგთავაზებდეთ, მსურს გაგიზიაროთ, თუ რის ტალავერზე აშენდა ეს კონცეფცია. სიყრმიდგანვე ადამიანთა დაკვირვება ჩემი არსის განუყრელი ნაწილი გახლდათ (როგორც სხვა ყველა კოსმიური ჯვაროსნისა). ინფორმაციის ბლომად მოგროვების შემდგომ, ნათელი გახდა, რომ გარშემომყოფნთა დაყოფა მათი პიროვნული მახასიათებლების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად შეიძლებოდა. სწორედ ამ დროს დასაბამი დაედო ახალ ფილოსოფიურ საფიქრალს ჩემს გონებაში. არც თუ ისე დიდი ხნის შემდგომ, შეიქმნა სამი კატეგორია, რომელთაც ქვემოთ განვიხილავ.

ისინი

ისინი

ისინი – რამდენიმეწლიანი დაკვირვებების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ზოგი ადამიანი ძალიან გავს ერთმანეთს. ეს არ იყო მხოლოდ გარეგნული მსგავსება. როგორც გეომეტრიაში გვხვდება სამკუთხედების მსგავსება, სწორედ ასეთივე მსგავსება იყო გარკვეულ პიროვნებებს შორისაც.  მათ მსგავსი ხასიათი ქონდათ, მსგავსი მორალი და შეხედულებები, გარეგნულადაც შეიძლება ყოფილიყვნენ ერთმანეთს მსგავსი, მაგრამ არა აუცილებლად; ყველანი სრულფასოვნად აზროვნებდნენ და ფუნქციონირებდნენ, თუმცა მათ პიროვნებას თითქოს “რაღაც აკლდა”.  ამ ხალხის ზუსტ აღწერას მანა ვერ ვახერხებდი, სანამ ერთხელაც ანაზდად ყველაფერი ნათელი გახდა.

იდეის მართებულად გადმოსაცემად უპრიანი იქნებოდა ვიდეო თამაშების ანალოგიის გამოყენება. ამგვარ თამაშებში სიმარტივისა და სხვა საჭირბოროტო მიზნების გამო არამთავარი პერსონაჟები ერთი პრინციპის მიხედვით არიან აგებულნი. მათ აქვთ მსგავსი გარეგნობა, მსგავსი დიალოგი და თამაშის სამყაროს ნებისმიერ ადგილას მათ არასოდეს აურევთ მთავარ პერსონაჟებში. ამ ე.წ. “მასოვკა” პერსონაჟების არსი მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრება და სამყაროს პოპულაციის, როგორც ასეთის, შექმნაა.

სწორედ ის ხალხი, ვინც ამგვარ პერსონაჟებს მივამსგავსე, მოხვდა ამ კატეგორიაში. ისინი არ არიან ადამიანები, მაგრამ მათ გონიათ, რომ არიან ადამიანები. სწორედ ამიტომ გვანან ისინი ერთმანეთს და სწორედ ამიტომ აკლიათ მათ უნიკალურობა, რაც აქვთ შემდეგ კატეგორიაში მყოფ ხალხს.

სხვები – გარშმომყოფთა ის ნაწილი, რომელთაც პიროვნული უნიკალურობა გააჩნდათ, ამ კატეგორიაში მოხვდნენ. ვიდე თამაშები ანალოგია რომ გამოვიყენოთ, იგივიე მთავარი გმირები. ისინი მივიჩნიე, როგორც ნამდვილი ადამიანები, რომელთაც წინასწარ გაწერილი “სკრიპტი” არ გააჩნიათ. ისინი თავისუფლად ვითარდებიან, აზროვნებენ, მათ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ, ისინი ქმნიან და წარმოადგენენ კაცობრიობის პროგრესის დასაბამს.

უცხონი – თითქოს ზემოთხსენებული კატეგორიებში ყველა უნდა ჩატეულიყო, მაგრამ ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ არსებობდნენ ინდივიდები, რომლებიც ზედა ორ აღწერილობაში ვერ ჯდებოდნენ. ამ ტიპის ხალხი თითქმის არ შემხვედრია, რადგანაც ძალიან იშვიათად იყვნენ ჩემს გარემოში წარმოდგენილნი. უცხონი ძალიან გავდნენ ადამიანებს, თუმცა, უფრო კარგი დაკვირვების შედეგად, შესაძლებელი იყო მათ შორის ფუნდამენტური განსხვავების დანახვა. უცხონი ადამიანებივით იქცეოდნენ, მათ შორის თავს თავისუფლად გრძნობდნენ, მიუხედავად ამისა, ადამიანებთან გაიგივებული არ იყვნენ. თუ ადამიანებს წარმოვიდგენთ, როგორც ერთი რაიმე რადიო ტალღით ერთმანეთთან დაკავშირებულებს, ერთიანი საკომუნიკაციო სისტემით, უცხოები ამ ტალღასთან პირდაპირ კავშირში არ არიან, მაგრამ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაერთონ.

ვგონებ, ამ ერთი ჩანაწერისთვის საკმარისი ინფორმაციაა მოცემული. ცხადია, ეს ყოველივე ძალიან ზედაპირული აღწერაა, რადგანაც ყველა დეტალის აქ ჩატევას ვერ მოვახერხებდი. თუმცა, იმედია, ოდესმე, არ დამეზარება და ყოველივეს უფრო დაწვრილებით ავხსნი რომელიმე სხვა ჩანაწერში. აგრეთვე, ვიმედოვნებ, რომ სამყაროს ჩემეული თეორიული მოდელის შესახებაც მალევე გამცნობთ. მსურს აღვნიშნო, რომ ამ კონკრეტული უსტარით საფუძველი ჩაეყარა ახალ კატეგორიას ამ ბლოღსა ზედა, “თეორიული შესაძლებლობები” (იგივე What if), სადაც თავს მოვუყრი კაცობრიობისთვის საჭირბოროტო ნააზრევსა და ნარკვევებს.

No comments yet

ბოლოსიტყვაობა