შიგთავსზე გადასვლა

ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ

22 აპრილი, 2013
მიაუ

მიაუ

თითქმის ყველა ადამიანს ახასიათებს ცნობისმოყვარეობა, განსაკუთრებით კი სხვისი ცხოვრებისა თუ ყოფის მიმართ. თუმცა, ეს ცნობისმოყვარეობა როდია მოძმე ინდივიდებისადმი გულისტკივილით გამოწვეული! სხვათა ცხოვრება არის ერთგვარი საზომი, რომელსაც შეგიძლია საკუთარი ცხოვრება დაატოლო და ამით ან სიამტკბილობაში ჩავარდე ანაც შურისაგან დაიოთხო. ეს არის უეჭველი საზომი იმისა, თუ რამდენად წარმატებული ხარ ცხოვრებაში. როდესაც შეგიძლია თამამად გაიფიქრო, მე გვაზავების ოჯახზე უკეთ ვცხოვრობო, ჩნდება თუნდაც მცირედი თვითკმაყოფილების გრძნობა, სიამაყე, აღმატებულობის შეგრძნება, რაც ასე ძალიან ეფონება ჩვენს ფრიად პატივსაცემ ეგოს გულზე. მაგრამ ამავდროულად, მან კარგად იცის, რომ არის ასეთი ხმიადაშვილების ოჯახი, რომელიც უფრო უკეთ ცხოვრობს და გაისად მათი უნცროსი შვილიც კაი-კაი შავ-შავ პრადოს მოაჯდება. ასე და ამგვარად, ეგო არასდროს არ არის ბოლომდე კმაყოფილი. მას მუდამ უფრო მეტი სურს. ხშირს შემთხვევაში სწორედ ამ სხვაზე უკეთ ყოფნის სურვილს  პროგრესისკენ  მიჰყავს კაცობრიობა (მეორე გზა პროგრესისკენ გადის სიზარმაცეზე, რაზეც ალბათ, ოდესმე რომელიმე ჩანაწერში ვისაუბრებ).

როგორც ერთ-ერთი ცნობილი ეკონომისტი წერდა, საზოგადოების ეკონომიკური და მატერიალური წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალაც სწორედ ეგოიზმია: გქონდეს მეტი, შეგეძლოს მეტი და იცხოვრო უკეთესად. სწორედ საკუთარი კარგად ყოფნის სურვილი გვაიძულებს ვისურვოთ ჩვენი მეზობლის კარგად ყოფნაც, რომელიც ჩვენ მიერ მოყვანილ კარტოფილს სარფიან ფასად იძენს. თუ მეზობელს გაუჭირდა და კარტოფილი ცოტა რაოდენობით ან საერთოდაც არ შეიძინა, მოგვიწევს გამორჩენის მიზნით მეორე სოფელში წასვლა და იქ კარტოფილის უფრო იაფად გაყიდვა, რადგანაც მას საკუთარი კარტოფილის მომმარაგებელი უკვე ჰყავს. ცხადია, სიტყვა კარტოფილი შეიძლება თავისუფლად ჩავანაცვლოთ სიტყვით “იარაღი”. თუმცა, ამჟამად მხოლოდ მატერიალურ კარგად ყოფნაზე ვსაუბრობ და არა სულიერ სიმშვიდეზე, ძენზე, მშვიდობასა და პაციფიზმზე.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, საქართველო უპირველესი ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიკურადაც და კარგი ცხოვრებითაც, რადგანაც საქართველოს მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე უფრო მეტი ეგოიზმი მოდის, ვიდრე დავუშვათ, შეერთბულ შტატებში ან საფრანგეთში ან თუნდაც ბუტანში. თუმცა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სამივე ეს ქვეყანა (ბუტანზე არ ვარ დარწმუნებული) გაცილებით წინ არის ვიდრე პატარა, როგორც მას სიბრალულითა და სიყვარულით მოიხსენიებენ –  ბედკრული, ქვეყანა. მაშ, რაშია საქმე?  რა მაიმუნობა და ლობიოს ჭამაა ეს ყოველივე?!

ეგოიზმი და შური, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანთა რასის ერთ-ერთი წინ მამოძრავებელი ძალები გახლავთ. დომინანტობის სურვილი და ალფა მამრად (და რადგანაც გენდ. თანასწორობა მოდაშია, მდედრად) ყოფნა აიძულებს ხალხს საკუთარი თავი და/ან ყოფა გაიუმჯობესონ და სრულჰყონ, რათა აჯობონ სხვებს. თუმცაღა, ამ თვისებების მოძალებული რაოდენობით ქონა შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს.

საქართველოში საქმე როდი გვაქვს შურისა და მომხვეჭელობის გარგანტუანულ (ან გარგანტუულ, არ ვიცი ზუსტად როგორაა, მაგრამ მინდა, განათლებული გამოვჩნდე, რამეთუ ამგვარ მაღალფარდოვნულ სიტყვებს ვიყენებ) ზომებთან. არა, ესაა ეგოიზმის სახეცვლილი, დამახიჯებული ფორმა, რომელსაც ვუწოდებდი რეგრესულ ეგოიზმს. იმისათვი, რათა თქვენც ნათლად დაინახოთ განსხვავება კლაიკურსა და რეგრესულ ეგოიზმს შორის, მოვიყვან მარტივი ქართულით დაწერილ ორ აგრეთვე მარტივ მაგალითს.

კლასიკური ეგოიზმი: გიორგის აქვს დიდი სახლი. მაკას აქვს პატარა სახლი. მაკამ ნახა გიორგის სახლი. მაკას შეშურდა გიორგის სახლის. მაკას უნდა გიორგისნაირი ან უფრო დიდი სახლი. მაკა იწყებს მუშაობას და ფულის შენახვას.

რეგრესული ეგოიზმი: გიორგის აქვს დიდი სახლი. მაკას აქვს პატარა სახლი. მაკამ ნახა გიორგის სახლი. მაკას შეშურდა გიორგის სახლის. მაკას უნდა გიორგის ქონდეს მისნაირი ან უფრო პატარა სახლი. მაკა იწყებს გიორგიზე ცუდი ჭორაობის გავრცელებას.

თავადე მიხვდებოდით, როდესაც კლასიკური ეგოიზმი გიბიძგებს იცხოვრო სხვაზე უკეთ, რეგრესული ეგოიზმისას გიჩნდება სურვილი სხვამ იცხოვროს შენზე უარესად. ცხადია, ეს მხოლოდ საქართველოში როდი ხდება. თუმცა, რადგანაც ამ ქვეყანაში ამგვარ დამახინჯებულ ეგოიზმს მოუკიდებია ფეხი, სწორედ ეს უზრუნველყოფს უკუსვლას და ხელს უშლის წინსვლას. არ არის ძნელი მივხვდეთ, თუ სად იღებს იგი სათავეს და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი.

მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირისა და შემგომ, 90-იანების დროს ის ადამიანები ცხოვრობდნენ კარგად და მდიდრულად, რომლებიც არალეგალური გზებით მოიპოვებდნენ ფულს: ქრთამი, შავი ბაზარი, ფინანსური მაქინაციები, პარტიის საჯდომზე ამბორი და ა.შ. არ არის გამორიცხული, რომ ამგვარი სახელმწიფოებრივი აჯაფსანდალი გახდა მრავალრიცხოვან პატიოსან ადამიანთა პაწაწინა გულებში ბუნებრივი (ვიტყოდი ინსტინქტურიც კი) პროტესტის გრძნობის დასაბამი: როგორ თუ, იმას უნდა ქონდეს და მე არა?! ხოლო რადგანაც ამ პაწაწინა გულების მქონდე ადამიანებს თავიანთი პატიოსენება ხელს უშლიდა თავი გაეყოთ ფულის მოპოვების არალეგალურ ყულფში და ამ ერთადერთი არსებული გზით მიეღწიათ სასურველისთვის, ასე და ამგვარად იშვა გონებასა შინა რეგრესული ეგოიზმი: თუ მე არ შემიძლია მქოდეს, დაე, ნურც სხვას ექნება!

ახალ მილენიუმში რეგრესული ეგოიზმის ერთ-ერთ გავრცელებულ (თუმცა გარშემომყოფებისთვის უწყინარ) გამოვლიდებად რჩება ქართველ ახალგაზრდობათა და შუახნის ასაკის ხალხთა სევდიანი ამოძახილი: “მე რომ XXX დავბადებულიყავი (სადაც XXX-ის მაგიერ ძირითადად გვხვდება ან რომელიმე ქვეყნის დასახელება ან დროის განსაზღვრება), აუხ, ახლა სად ვიქნებოდი?!”. როდესაც საკუთარ უბედურებას იმას უკავშირებ,  რისი შეცვლაც არც ადრე და არც ახლა შეგიძლია, დღემუდამ ამაზე ფიქრობ, ამგვარი აზრებიც სტაგნაციისკენ და საბოლოოდ, რეგრესისკენ მიათრევს მსხვერპლს.

ჰო, მეც რომ აინშტაინად დავბადებულიყავი, უეჭველად მოვიგონებდი ფარდობითობის თეორიას! მაგრამ არც აინშტაინი ვარ და ფარდობითობის თეორიაც უკვე დაკავებულია. ასე, რომ ისღა დამრჩენია, ახალი თეორია მოვიფიქრო და ამ გზით ჩავაცემენტო ჩემი სახელი ისტორიის კედელზე. წინსვლა და განვითარება, აი, საითკენ უნდა იყურონ ადამიანებმა. მიუხედავად ამისა, ამგვარ თეორიულ შესაძლებლობებზე ფიქრი ყოველთვის იქნება  ადამიანთა სუსტი წერტილი, ისევე როგორც ცნობისმოყვარეობა. აგრეთვე,  ყოველთვის იარსებებს ვიღაც, ვინც უკეთ ცხოვრობს, რადგანაც გვგონია, რომ ყველა უფრო ბედნიერია, ვიდრე ჩვენ. ასევე ყოველთვის დაგვწყდება გული, იმაზე, სადაც არ ვყოფილვართ და არც არასდოს ვიქნებით, რადგანაც გვგონია, რომ ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ.

4 Comments leave one →
  1. 25 აპრილი, 2013 2:18 PM

    თავი ცოტაოდენ შემძულდა o.O

  2. nika permalink
    8 დეკემბერი, 2014 5:18 PM

    ბრავისიმო

ბოლოსიტყვაობა