ამის ხურდა არ გვაქვს

ხურდა-ქაღალდის დილემა
ვისაც, ოდესმე, ერთი სნიკერსის საყიდლად ოცი ლარი მაღაზიის გამყიდვლისთვის მიუწოდებია, მიხვდება, თუ რაოდენ დიდ გასაჭირში აღმოვჩნდი დღეს, როდესაც მხოლოდ ერთი ასი ლარის ოდენობის კუპიურის ამარა დავრჩი და სნიკერსიც სწორედ ამ არასახარბიელო დროს მომინდა.
ალბათ, ზოგი გაიცინებთ, აბა, ამას რა უჭირს, ფული მაქვს ამან უნდა თქვასო. მაგრამ ბოდიშით, ვის რათ უნდა ისეთი ფული თუ ვერ დახარჯა და სალარო აპარატებთან მომუშავე გოგონათა მრისხანე მზერის უმანკო მსხვერპლი გახდა?! არ ვიცი სხვაგან როგორ არის, მაგრამ ამ ქალაქში ნაკლებად უყვართ ისინი, ვისაც ათ ლარზე მეტი კუპიურების დახარჯვა ნდომებიათ. რამდენი შემთხვევა ჩამოვთვალო, როდესაც გაწვდილი ოც ლარიანი ზედ ხელზე შემახმა და კარგი გვარიანი საყვედურიც მოჰყვა თან; ან მარშურტკით უფასოდ ვიმგზავრე, რადგანაც მძღოლს ხურდა არ აღმოაჩნდა.
უცნაურია, რაოდენ დიდი მრისხანებისა და უკმაყოფილების გამოწვევა შეუძლია ას ლარს იქ სადაც ხურდად ერთ (1) თეთრს იძლევიან, ხოლო მაღაზიათა დღიური ბრუნვა სულ მცირე ხუთას ლარს მაინც აღემატება. მახსოვს, ერთხელ, შედარებით მასშტაბურ გარაჟში გაკეთებულ მაღაზიაში შევედი და პროდუქტიც ბლომად შევარჩიე შესაძენად. დახლს მივუახლოვდი და გამყიდველს ასი ლარი მივაწოდე. გამყიდველმა წარბები აზიდა, დოინჯი შემოირტყა და გამჭრიახი ხმით მკითხა, სხვა ფული არ გაქვსო? სხვა ფული რომ მქონდეს, ამ ას ლარს მოგცემდი-მეთქი, გავიფიქრე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე. გამყიდველმა ბრაზიანი სახე მიიღო და მკვახედ მომაჭედა პასუხი, ამის ხურდა არ გვაქვსო (დიახაც, მრავლობითში!). უეცრად, თავი დამნაშავედ ვიგრძენი, თითქოს ასი ლარი მახრჩობდა და მე კი ვერაფერს ვშვრებოდი მის შესაჩერებლად. სიბრაზე მომაწვა, ამხელა მაღაზიაა და ასი ლარის ხურდა არ მოიპოვება, ეს რა ჯანდაბაა! პროდუქტი იქვე დახლზე დავდე და გარეთ გავედი. ხო, იმ საღამოს კიდევ ორმა მაღაზიამ გამისტუმრა პირში ჩალაგამოვლებული და ბოლოს, მხოლოდ მესამემ მაღირსა შვება.
ქატო იქა, ფქვილი აქა, ჭირი იქა, ლხინი აქაო.
უი, ის ამბავი მოვყვე, როგორ შევედი ხუთ (5) სხვადასხვა მაღაზიაში და ოცი ლარის ხურდა არცერთს რომ არ ჰქონდა? აჰ, ანდა სხვა დროს იყოს, თორემ ისედაც გამიგრძელდა სათქმელი.